რუსთავში კორპუსიდან კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა [video]

2022-08-08 00:02:47

რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში მე-4 სართულიდან 40 წლის კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. [ვიდეო/video]

როგორც "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა, მამაკაცი, რომელიც მე-4 სართულის აივნიდან გადმოვარდა, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

"როგორ გადმოვარდა მე არ ვიცი. კაცმა გაიარა და მითხრა გუსია გადმოვარდა ზევიდანო. გამოვიქეცი და დავინახე, რომ წევს, დედამისი კი აგერ გაჩერებაზე იჯდა. მისი და მოვიდა და საავადმყოფოში გაჰყვა. მე-4 სართულიდან გადმოვარდა. სასწრაფო რომ მოვიდა სუნთქავდა, მერე დავინახე, რომ აღარ. ჩაუტარეს დახმარება და წაიყვანეს. არაფხიზელ მდგომარეობაში იყო",- განუცხადა ადგილობრივმა "ინფო რუსთავს".

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ქალაქის ცენტრალურ კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების ექიმმა, ირმა სულაქველიძემ განუცხადა, მამაკაცი მათთან გაჩერებული გულით შეიყვანეს, სასწრაფო დახმარების ავტომობილში დაწყებული რეანიმაციული ღონისძიებები კლინიკაში განაგრძეს, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

"სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილია 40 წლის მამაკაცი. ტერმინალური მდგომარეობა იყო კლინიკაში შემოყვანის დროს. სასწრაფო დახმარების მანქანაში დაწყებული იყო კარდიო-პულმო რეანიმაცია. გული გაჩერებული იყო. ჩვენ გადმოვიყვანეთ და ჩვენთან გაგრძელდა რეანიმაციული ღონისძიება სრული წესების დაცვით, თუმცა, სამწუხარომ გულის ამუშავება ვერ მოხერხდა და დაფიქსირდა სიკვდილი",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ირმა სულაქველიძემ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები