გერმანიაში კვალიფიციური მუშახელის დეფიციტია

2022-07-23 18:27:59

გერმანია კვალიფიციური მუშახელის დაქირავების მიზნით მიგრანტებისთვის სამუშაოს დაწყების რეგულაციების გამარტივებას განიხილავს, ვინაიდან ქვეყანაში სამუშაო ძალის დეფიციტია.

როგორც Schengenvisa News-ი წერს, გერმანიას მილიონზე მეტი ადამიანი ესაჭიროება სხვადასხვა სექტორებში დასასაქმებლად, რადგანაც ქვეყანაში 1,7 მილიონი ვაკანსიაა. თანამშრომლების ყველაზე მეტი რაოდენობა ავიაინდუსტრიაშია საჭირო, რადგან ბოლო დროს ქვეყნის აეროპორტებში ქაოსია.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ გერმანიაში მუშახელის დეფიციტი განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის გამო გამწვავდა. მისივე თქმით, სექტორიდან ყველაზე მეტად სტუმართმოყვარეობის სექტორი დაზარალდა.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ შრომის ფედერალურ მინისტრთან მუშაობს, რათა სხვა ქვეყნებიდან სამუშაო ძალის შემოყვანის მიმართულებით ცვლილებები დაიწყოს და დასძინა, რომ საიმიგრაციო კანონმდებლობა მოდერნიზებას საჭიროებს.

აღსანიშნავია, რომ SchengenVIsaInfo.com-ის ინფორმაციით, გერმანიაში მცხოვრები ყოველი მეოთხე ადამიანიდან ერთი მიგრანტია. სტატისტიკის ფედერალური სამსახურის, Destatis-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის გერმანიაში მცხოვრები დაახლოებით 22,3 მილიონი ადამიანი მიგრანტი იყო. აღნიშნული რიცხვი იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით 27% მიგრანტია.