რუსთავის მეტალურგიის თანამშრომლებმა გაფიცვა დაასრულეს

2022-07-08 13:01:32

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ე.წ სორტული საამქროს თანამშრომლებმა გაფიცვა დაასრულეს.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ დოლაბერიძემ მიაწოდა.

ერთ-ერთი შეთანხმების საფუძველზე გაფიცული თანამშრომლებისთვის სამ ეტაპად მოხდება ხელფასების ზრდა და საერთო რაოდენობით ანაზღაურება 250 ლარით მოემატებათ.

"პირველ რიგში არ იქნება დევნა, იძულება, ზეწოლა და ჩასაფრება იმ ხალხზე, რომლებიც გაფიცვაში მონაწილეობდნენ. გაფიცვის დროს გაცდენილი დღეები ანაზღაურდება დამსაქმებლის მიერ. 100 ლარი მოემატებათ 1 ივლისიდან, ასევე 100 ლარი მოემატებათ 2023 წლის 1 იანვრიდან, 50 ლარი მოემატებათ 2023 წლის 1 მარტიდან. გარდა ამისა, აღდგება საპრემიერო სისტემა, რომელიც იყო და რატომღაც მერე გაუქმდა. თუკი წარმატებულად იმუშავებდა საამქრო, კიდევ 10%-მდე პრემია ერიცხებოდათ ხოლმე. მისი გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად პროცესში ჩართული იქნება პროფკავშირები. მოწესრიგდება თანრიგების სისტემა, აქაც ჩართული იქნება პროფკავშირები. კვების ხარისხის ამაღლებასთან დაკავშირებით შეიქმნება კომისია და კომისიაშიც ჩართული იქნება პროფკავშირი. ჩვენთან გაფორმდება კოლექტიური ხელშეკრულება სხვა დანარჩენ შრომით პირობებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ამ თანხმობის შესახებ დოკუმენტი შედგება ორშაბათს და მოეწერება ხელი",- განაცხადა დოლაბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მეტალურგიული ქარხნის ე.წ. სორტული საამქროს თანამშრომლები ხელფასის მომატებისა და უკეთესი სამუშაო პირობების მოთხოვნით 5 დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები