რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გაფიცულ თანამშრომლებსა და ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" რუსთავის მეტალურგთა, მეშახტე და მაღაროელთა პროფკავშირების რუსთავის წარმომადგენელმა, გიორგი ტყემალაძემ განუცხადა, მოლაპარაკებებზე საწარმოს ხელმძღვანელობა გაფიცულ თანამშრომლებს სთავაზობდა, რომ ამ ეტაპზე ხელფასის 100 ლარით გაზრდა მოხდებოდა, 2023 წლის იანვრისთვის შესაძლებლობა თუ იქნებოდა კიდევ 100 ლარით გაიზრდებოდა და შემდეგ მარტში კიდევ 50 ლარიანი მატება.
აღნიშნულ შეთავაზებას დასაქმებულები არ დათანხმდნენ და მოითხოვენ, რომ არსებული ხელფასი 30%-ით გაიზარდოს და გარდა ამისა, მოხდეს შრომითი პირობების გაუმჯობესება.
საწარმოს ხელმძღვანელებთან შეხვედრას ესწრებოდა პროფკავშირების იურიდიული სამსახურის იურისტიც. გაფიცული თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ.
შეგახსენებთ, რომ სორტული საამქროს 100-მდე თანამშრომლის მოთხოვნაა ხელფასის 30%-იანი გაზრდა, ე.წ. მე-13 ხელფასის დამატება და შრომითი პირობების გაუმჯობესება.