25-დან 70 წლამდე ადამიანებს შეუძლიათ ჩაერთონ დაავადებათა სკრინინგის - ჯანდაცვის პროგრამაში.
პროგრამის ფარგლებში მომსახურება სრულად ფინანსდება, პაციენტის მიერ თანადაფინანსების გარეშე.
პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:
ა.ა) მამოგრაფიულ გამოკვლევას, 2 პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით) და ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას;
ა.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერით გამოკვლევას; ა.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას.
ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს: ბ.ა) გინეკოლოგის გასინჯვას და პაპ–ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით; ბ.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში, კოლპოსკოპიურ კვლევას;
ბ.გ) საჭიროების შემთხვევაში, კოლპოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას. გ) პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას;
დ) კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისთვის, რომელიც მოიცავს:
დ.ა) ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარებას;
დ.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიურ კვლევას;
დ.გ) საჭიროების შემთხვევაში, კოლონოსკოპიისას ბიოფსიური მასალის აღებას და ჰისტოლოგიურ კვლევას.
ე) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პილოტი 25-70 წლის ასაკის ჩათვლით რისკის მქონე ქალებში, რომელიც მოიცავს:
ე.ა) ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას;
ე.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში სისხლის თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევას;
ე.გ) საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას;
ე.დ) ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის პროცესის მეთვალყურეობას ენდოკრინოლოგის მიერ.
ვის შეუძლია ქვეპროგრამით სარგებლობა?
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში რეგისტრაციის ადგილად უფიქსირდებათ ქალაქი თბილისი.
ამასთან, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტის მოსარგებლეები არიან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები (მ.შ. იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდებათ – ქალაქი თბილისი)
როგორ უნდა ჩაერთოს მოსარგებლე პირი პროგრამაში?
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად მოსარგებლეთა ქვეპროგრამაში ჩართვა ხორციელდება ქვეპროგრამის მიმწოდებელთან მიმართვის შემთხვევაში ან მიმწოდებლის მიერ მოსარგებლის ორგანიზებულად მოზიდვის/მოწვევის გზით.
* პროსტატის კიბოს მართვის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიღება შესაძლებელია ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვის საფუძველზე,
** ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მართვის კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიღება შესაძლებელია შესაბამისი რისკის მქონე ქალებისთვის, რომელიც აკმაყოფილებენ განმახორციელებლის მიერ დამტკიცებულ კრიტერიუმებს.
რა მოცულობით ფინანსდება მომსახურება?
დაავადებათა სკრინინგის ქვეპროგრამის ფარგლებში მომსახურება ფინანსდება სრულად, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.