დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.
მათ შორის ცენტრი საზოგადოებას ურჩევს, არ დატოვონ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში.
„შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის 08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 320C, ხოლო ღამით კი 240C-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისათვის; აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ. ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის). დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა - დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება. მზის მხარეს ჩამოაფარეთ დამჩრდილავი ფარდები, ჟალუზები, დარაბები. ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ ყველა კარი და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხეს. მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე“, - აღნიშნავენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.
როგორც ცენტრში აღნიშნავენ, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება, იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს.
„უმეტესობას გვახარებს ზაფხულის მოსვლა და ცხელი ამინდი, თუმცა, როდესაც გიწევს მაღალი ტემპერატურის პირობებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა, შენს ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე დაემუქროს. ზაფხულის ცხელი დღეების დროს დარწმუნდით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები დაცული ხართ ე.წ. თბური ტალღების მავნე ზემოქმედებისაგან.
განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ასევე უკვე არსებულის გამწვავებას და, შესაძლოა, სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისათვის. ძლიერმა სიცხემ შეიძლება გამოიწვიოს გულის ცემის გახშირება და სუნთქვის გაუარესება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2003 წელს დაფიქსირებული „თბური ტალღები“ ევროპაში 70 000 სიკვდილის მიზეზი გახდა. ცოდნამ, თუ როგორ დაიცვა თავი ცხელ დღეებში, შესაძლოა იხსნას შენი და შენი ახლობლების სიცოცხლე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.