ერთი ორი კვირა ...

2021-03-09 13:03:39

შეხვედრაზე იყო საუბარი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის მოხსნაზე, თუმცა, ერთდროულად ყველა შეზღუდვის მოხსნის რეკომენდაციას ვერ ვიძლევით, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„1-2 კვირა მაინც უნდა დავაკვირდეთ და შემდეგ მივიღოთ შემდეგი გადაწყვეტილება. დღეს არ ჩაითვალა საჭიროდ, თუმცა თუ არსებული ვითარება შევინარჩუნეთ, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მოგვიანებით კომენდანტის საათის გაუქმებასთან დაკავშირებით, მცირე ინფორმაცია დაიდო საქართველოს მთავრობის ფეისბუქზე. სადაც წერია, რომ კომენდანტის საათის გაუქმებასთან  დაკავშირებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას საბჭო, ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვების და ანალიზის საფუძველზე მიიღებს.

"ამ ეტაპზე ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა. საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს დეტალური ანალიზის საფუძველზე მიიღებს",- განაცხადეს საკოორდინაციო საბჭოზე, რომელსაც პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადე როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

საბჭოს სხდომაზე, განიხილეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ტენდენცია და ამ კუთხით არსებული პოზიტიური მაჩვენებლები. აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება და დაწესებული შეზღუდვების უმეტესობის შემსუბუქება მოდუნების საფუძველი არ უნდა გახდეს და კვლავ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ ღონისძიებებად რჩება პირბადის სწორად გამოყენებაა და სოციალური დისტანციის დაცვა. ხაზი გაესვა მოქალაქეების მხრიდან მაღალი პასუხისმგებლობის გამოვლენის აუცილებლობას, ვინაიდან ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელებას და გაჩნდება მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების საჭიროება.