ტექნიკის გარეშე დარჩენილი რუსთაველები

2020-07-21 11:19:16

რუსთავში, მე-7 მიკრორაიონში მცხოვრებ მოსახლეობასა და კომოპანია "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებს შორის შეთანხმება შედგა.

დღევანდელ შეხვედრაზე, რომელიც "ენერგო პრო ჯორჯიას" ოფისში გაიმართა, შეთანხმდნენ, რომ კომპანიის წარმომადგენლები მე-7 მიკრორაიონში კარდაკარ ჩამოივლიან, აღრიცხავენ იმ ზარალს, რომელიც თითოეულ ოჯახს მიადგა და დაზარალებული აბონენტებისთვის თანხის ანაზღაურება მოხდება.

როგორც ერთ-ერთმა დაზარალებულმა გოჩა გიგაურმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, განიხილება ორი ვარიანტი, კომპანიის მხრიდან ტექნიკის შეკეთება ან დაზარალებული აბონენტებისთვის ხლის შეძენა.

"დღეს და ხვალ ჩამოივლიან კომპანიის წარმომადგენლები ოჯახებში და მოხდება აღწერა ვის რა დაუზიანდა. დაგვირიგდა შესაბამისი განცხადების ფურცლები, შევავსებთ ამ განაცხადს, შეიძლება ჩვენი ხარჯებით წავიღოთ და შევაკეთოთ, შემდეგ წარმოვადგინოთ კომპანიაში გადახდის ქვითარი, რასაც აგვინაზღაურებს ენერგო პრო ჯორჯია, ან დაიწერება დასკვნა, რომ აღარ კეთდება ტექნიკა, როგორც მეორადი ტექნიკა ისე შეფასდება და მოხდება მისი საფასურის გადახდა. მაქსიმუმ 3-4 დღე გაგრძელდება ეს პროცედურები", - განაცხადა გოჩა გიგაურმა.

შეხვედრას "ენერგო პრო ჯორჯიას" ოფისში რუსთავის საკრებულოს დეპუტატი ამირან ჯანჯღავა და რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა ესწრებოდა.

აღსანიშნავია, რომ ქვესადგურში უკვე შეკეთდა დაზიანებული ტრანსფორმატორი. ელექტროენერგიის მიწოდება მიკრორაიონში გუშინვე აღდგა.

შეგახსენებთ, მე-7 მიკრორაიონში არსებულ ქვესადგურში ტრანსფორმატორის მწყობრიდან გამოსვლის გამო აფეთქება მოხდა. მიკრორაიონში არსებულ, დაახლოებით, 7 კორპუსში მაღალი ძაბვის გამო გადაიწვა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა. დაზარალებულია 1000-მდე ოჯახი. იკრორაიონის მცხოვრებლებმა ზარალის ანაზღაურების მიზნით გუშინ აქცია გამართეს.