რუსთავში, მე-7 მიკრორაინში მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს [ვიდეო/video]
როგორც “ინფო რუსთავმა” გაარკვია, მიკრორაიონში არსებულ ქვესადგურში ტრანსფორმატორი მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც ქვესადგურში აფეთქება მოხდა და ზარალი მიადგა მიმდებარედ მცხოვრებ, დაახლოებით, ათას ოჯახს.
ადგილობრივების თქმით, მწყობრიდან გამოვიდა სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა, რომელთა საფასურმაც, საერთო ჯამში, შესაძლოა, ათეულობით ათას ლარს გადააჭარბოს. საუბარია, დაახლოებით, 7 საცხოვრებელი კორპუსის მოსახლეობაზე, რომელთაც ელექტროენერგია ამ დრომდეც არ მიეწოდებათ. აღსანიშნავია, რომ იმის გადამოწმება, რომელი ტექნიკაა მწყობრიდან გამოსული და რომელი არა, ბევრ ოჯახში ჯერაც ვერ ხერხდება.
როგორც მე-7 მიკრორაიონში შეკრებილმა მოსახმეობამ “ინფო რუსთავთან” განაცხადა, ამ დროის ინფორმაციით, დაზიანებულია ტელევიზორები, მაცივრები, სარეცხის მანქანები, კომპიუტერები და კონდენციონერები.
“ინფო რუსთავის” გადამღები ჯგუფი ქვესადგურშიც იმყოფებოდა და გაარკვია, რომ ტრანსფორმატორის გამოცვლის სამუშაოები დღესვე დაიწყება. კომპანია “ენერგო პრო ჯორჯიას” წარმომადგენელმა საინფორმაციო სააგენტოს ასევე განუცხადა, რომ მოხდება ზარალის დათვლა და მოსახლეობას თანხა აუცილებლად აუნაზღაურდება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა.