რა ეტაპზეა ციხის მშენებლობა რუსთავში

2020-05-15 12:31:40

რა ხდება რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით? პანდემიური პაუზის შემდეგ ამ თემით "ინფო რუსთავი" დაინტერესდა და გადაწყვიტა რუსთაველებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხის ირგვლივ გარკვეული დეტალები გაერკვია.

"ინფო რუსთავი" ინფორმაციისთვის პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა, სადაც მოკლე კომენტარით შემოიფარგლნენ და განგვიცხადეს, რომ: "პენიტენციური დაწესებულების პროექტირება არის დასკვნით ეტაპზე. პროექტის ნაწილი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე".

საინფორმაციო სააგენტომ იდენტური კითხვით აღნიშნულ სამსახურს გასული წლის სექტემბრის თვეში მიმართა, პასუხი კითხვაზე, რა ეტაპზეა ციხის მშენებლობა, იყო ასეთი: "საპროექტო სამუშაოები სრულდება და ტენდერი ჩაეშვება".

შეგახსენებთ, ციხის მშედნებლობამ რუსთავში მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია. საკითხთან დაკავშირებით, დროთა განმავლობაში სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროში "ინფო რუსთავს" არ უდასტურებენ მშენებლობის შეჩერების ფაქტს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ,  "ინფო რუსთავთან" საუბარში ექსკლუზიურად განაცხადა, რომ პენიტენციალური დაწესებულების მშენებლობისთვის შესაძლოა სხვა ლოკაცია მოიძებნოს.