მაია ბითაძე: დაწყებულია მუშაობა სქემაზე

2020-06-15 00:54:13

რა ეტაპზეა თბილისსა და რუსთავს შორის ავტობუსებით გადაადგილების სამუშაოები - აღნიშნული კითხვით "ინფო რუსთავმა" თბილისის მერის მოადგილეს, მაია ბითაძეს მიმართა.

"თბილისის მერის დავალებით, დაწყებულია მუშაობა სქემაზე. გაკეთებული გვაქვს ორივე სცენარი-12 და 18-მეტრიან ავტობუსებზე.

დათვლილია ავტობუსების რაოდენობა, როგორც 12-იანი, ისე 18-იანების, რათა თბილისში შემომსვლელთა და გამსვლელთა ნაკადი სრულად იყოს დაკმაყოფილებული.  ეს ასევე გულისხმობს  ავტობუსების თავსებადობას თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ტაქსებთან.

განსაზღვრულია მოლოდინის დრო, რომელიც იქნება ადექვატური, რაც შეიძლება მეტი მგზავრის გადასაყვანად. მიმდინარეობს მუშაობა თბილისსა და რუსთავში ლოკაციების განსასაზღვრად, სადაც მოხდება მგზავრთა აყვანა და ჩამოსმა.

მალე გვექნება უკვე შეჯერებული ვერსია", - განუცხადა მაია ბითაძემ "ინფო რუსთავს".

თბილისსა და რუსთავს შორის მგზავრების მუნიციპალური ტრანსპორტით გადაყვანაზე კახი კალაძემ 20 მაისს განაცხადა.

მგზავრობის ტარიფი კი 50 თეთრი იქნება.