კორონავირუსი და ორსულები

2020-04-13 11:02:09

ორსულებს გავრცელებული კორონავირუსის ფონზე განსაკუთრებით ბევრი კითხვა დაუგროვდათ. ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ქალბატონები მაქსიმალურად ცდილობენ სიფრთხილე დაიცვან, მსოფლიო "კოვიდ 19" -ს ებრძვის. 

მრავალჯერ დასმულ კითხვებს კლინიკა რუსთავის "ქალთა კონსულტაციი" განყოფილების ხელმძღვანელმა, მეან-გინეკოლოგმა ბელა კეთილაძემ "ინფო რუსთავთან" უპასუხა.

- ქალბატონო ბელა, დავიწყოთ ორსულებისთვის ალბათ ყველაზე საინტერესო კითხვით, ხდება თუ არა დედიდან ნაყოფზე კორონავირუსული ინფექციის გადადება?

დანამდვილებით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეგვიძლია, ეს ზუსტად მეცნიერულად არ არის დადგენილი. ჯერ არანაირი კვლევა ამის შესახებ არ არსებობს, თუმცა გვაქვს პრეცენდენტი, ჩინეთში იყო შემთხვევა, როცა კორონავირუსით დაავადებულმა ქალმა იმშობიარა და ახალშობილს ვირუსი არ აღმოაჩნდა.

- თუ მოხდა ორსულის დაინფიცირება, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს კორონავირუსს ამ მდგომარეობაში მყოფი ქალისთვის?

კორონავირუსი არის რესპირატორული დაავადება. იგი ქრონიკული დაავადებების ფონზე და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, იწვევს პნევმონიას, რაც ორსულობის გართულების მიზეზი გახდება. ორსულობის დროს ნებისმიერი ვირუსი ადრეულ ეტაპზევე ყურადსაღები და სამკურნალოა, მით უმეტეს კორონავირუსი.

- თუ ორსულს კორონავირუსი აქვს, როგორ სჯობს იმშობიაროს, ფიზიოლოგიურად თუ საკეისრო კვეთის გზით?

რესპირატორული დაავადება არანაირად არ არის საკეისრო კვეთის  ჩვენება, თუ მას სხვა სერიოზული გართულებები არ ახლავს თან, რომელიც ფიზიოლოგიურ მშობიარობას  შეუშლიდა ხელს.

- შედიან თუ არა ორსულები მოწყვლად ჯგუფში?

კორონავირისის შემთხვევაში რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რა თქმა უნდა, ორსულებიც.

- უნდა იქნას თუ არა დაინფიცირებული ორსულის მკურნალობისას რაიმე განსაკუთრებული მიდგომები გათვალისწინებული?

ყველა პრეპარატს დაინფიცირებულ ორსულს ვერ დავუნიშნავთ, რადგან  ნაყოფზე უკუჩვენებას მოგვცემს. გარკვეული გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, შეფასდება ნაყოფის და დედის ზოგადი მდგომარეობა და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა გამოსავალი ოყოს კეთილსაიმედო.

- არსებობს ასეთი მოსაზრება, რომ ორსულის იმუნური სისტემა დაქვეითებულია, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს?

ზოგადად ორსულები რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, მაგრამ გადაჭრით ვერ ვიტყვით , რომ იმუნური სისტემა ორსულებს დაქვეითებული აქვთ. ზოგიერთი ორსული ძლიერ იმუნურ სისტემას გამოიმუშავებს, ზოგი არა, ეს ინდივიდუალურია.

- თუ არსებობს პრევენციის განსაკუთრებული ზომები, როგორ უნდა დაიცვას თავი ადამიანთა ამ ჯგუფმა?

უნდა დაიცვან ზოგადად მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები, რაც ძალიან აქტიურად ჟღერდება. ასევე უნდა იზრუნონ იმუნიტეტის გაძლიერებაზე, იკვებონ სრულფასოვნად, ვიტამინებით გაჯერებული საკვებით.

- როგორ გრძნობენ პანდემიის ფონზე თავს თქვენი პაციენტები, ხომ არ არიან სტრესში და როგორ უმკლავდბიან სხვა გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომებს?

დღეის მონაცემებით, ერთი ორსულია თვითიზოლაციაშია, დანარჩენები თავს კარგად გრძნობენ. გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომები არც ერთ პაციენტთან არ დაფიქსირებულა. ქალბატონები შემართებით არიან. რეკავენ, თხოულობენ კონსულტაციების ჩატარებას, ექოსკოპიების  გადაღებას. ბევრმა სამსახურები დროებით  დატოვა და  სახლში  იმყოფება. მობილიზებულები არიან, იცავენ ყველა ნორმატიულ, ჰიგიენურ წესს. პასუხისმგებლობითა და სიფრთხილით ეკიდებიან დღვანდელ მდგომარეობას. ჩვენ კი ექიმები, ჩვენის მხრივ, ვცდილობთ, რომ ორსულები დარჩნენ სახლში და ონლაინ რეჟიმში მოვემსახუროთ თითოეულ მათგანს. ვცდილობთ, თუ აუცილებელი საჭიროება არ არის, არ მოვიყვანოთ კლინიკაში.

- და ბოლოს, რას ურჩევთ და რას უსურვებთ თქვენს პაციენტებს და ასევე სხვა ორსულებს?

მინდა გითხრათ, რომ  კორონავირუსი გადაეცემა წვეთების გზით, ძირითადად პირდაპირი კონტაქტით, ადამიანიდან ადამიანს. თუმცა შესაძლებელია ინფიცირება წვეთებით  დაბინძურებულ ზედაპირთან შეხების შედეგადაც. შესაბამისად, ზედაპირების დეზინფექცია მნიშვნელოვანია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  ინფორმაციით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის , თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს ვირუსი  სიცოცხლისუნარიანობას ზედაპირზე. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საათს. მარტივ სადეზინფექციო საშუალებებს შეუძლია ვირუსის განადგურება, რის შედეგადაც ადამიანი აღარ დაინფიცირდება. ზედაპირი ჯერ მექანიკურად უნდა გაიწმინდოს (ჩვეულებრივი ხელსახოცით), ამის შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით. აუცილებელი არ არი ქარხნულად დამზადებული ხსნარები, 70 გრადუსიანი სპირტიც ძალიან კარგად მუშაობს ვირუსის უვნებელსაყოფად (ზედაპირზე და არა დასალევად, როგორც ეს ზოგიერთმა გაიგო). ორსულებს ვურჩევ  ხელები ხშირად და გულმოდგინედ დაიბანონ, გაითვალისწინონ ჯანმოს ზოგადი რეკომენდაციები, დარჩნენ სახლში და რაც მთავარია, შეინარჩუნონ სიმშვიდე, ყველაფერი აუცილებლად იქნება კარგად.