მარიამ იოსელიანი 3 მცირეწლოვანი შვილის დედაა, რომელიც მისი ქმირს გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯეო ჰოსპიტალის მორიგე ექიმების პასუხისგებაში მიცემას ითხოვს. მარიამმა სამედიცინო პერსონალის დასჯა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენთან მოითხოვა, რის შემდეგაც გარდაბნის ჯეო ჰოსპიტალში მივიდა (ნახეთ ვიდეო), სადაც სურდა იმ ექიმებისგან პასუხი მიიეღო, რომლებიც მისი ქმრის სავადმყოფოში შეყვანის დროს მორიგეობდნენ.
2019 წლის 23 ივნის 39 წლის ბესიკ ნაცვლიშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გარდაბნის ჯეო ჰოსპიტალის ემერჯენსში დაჭრილი შეიყვანა. მისი მეუღლის მარიამ იოსელიანის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცს მორიგე ექიმებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინა.
"მოვითხოვ სამედიცინო პერსონალი ისეთივე სიმკაცრით დაისაჯოს, როგორც მამაჩემი, რადგან ჩემი ქმრის გარდაცვალებაში მათაც ისეთივე წვლილი მიუძღვით, როგორც მამაჩემს", - განუცხადა სამი შვილის დედამ ინფო რუსთავს.
მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალი მის დამშვიდებას ცდილობდა და ეუბნებოდა, რომ მისი მეუღლის მდგომარეობა სერიოზული არ იყო და რაიმე სამედიცინო დახმარებას არ საჭიროებდა. მარიამის განცხადებით, დაჭრილი მამაკაცი რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა ჯეო ჰოპიტალში, სადაც ის ნელ-ნელა სისხლით იცლებოდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის თბილისის ინგოროყვას სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ავტომობილით გადაიყვანეს. მარიამის თქმით, მის მეუღლეს ინგოროყვაში გადაყვანის დროს გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მისი ამუშავება მოახერხეს. საბოლოოდ, დაჭრილი მამაკაცის სიცოცხლის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.
ინფო რუსთავი დაინტერესედა ჯეო ჰოსპიტალის პოზიციითაც და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება სთხოვა, თუმცა სამედიცინო დაწესებულების სახელით ჩვენს ჟურნალისტებთან არავინ გამოსულა და კომენტარიც არავის გაუკეთებია.
შეგახსენებთ, გამოძიებით დადგინდა, რომ 39 წლის ბესიკ ნაცვლიშვილს მისი ცოლის მამამ, შვილის შეურაცხყოფისთვის, დანით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მარიამ იოსელიანი მოითხოვს, რომ ჯეო ჰოსპიტალის პერსონალი, რომლებმაც მის მეუღლეს პირველადი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს, უმკაცრესად დაისაჯონ და სამედიცინო ლიცენზია შეუჩერდეთ.