"გამოკეთდნენ სახლში და ისე მოვიდნენ ბაღში"

2020-01-14 11:14:05

"გამოკეთდნენ სახლში და ისე მოვიდნენ ბაღში", - ასეთი რეკომენდაციით მიმართავს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი რუსთაველ აღსაზრდელებს.

როგორც ხუციშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნა, გრიპის ვირუსის სიმპტომების მქონე ბავშვებს სააღმზრდელო პროცესზე დასწრებას ვერ აუკრძალავენ, თუმცა მშობლებს სთხოვენ, რომ იფიქრონ სხვა პატერების ინტერესებზეც.

"ზოგადად ჩვენი შინაგანაწესი ითვალისწინებს ამას. დედამ უნდა იფიქროს, რომ თუ შვილი ცუდად ჰყავს, არ უნდა მიიყვანოს ბაღში, რათა სხვა ბავშვების ინტერესები და უფლებები დაცული იქნეს. არის ხოლმე გამოუვალი სიტუაციები, როცა მოჰყავთ ასეთ მდგომარეობაში ბავშვები. ჩვენ პრევენციის მიზნით, ყველას ვაფრთხილებთ, თუკი სახლშივე შენიშნავენ ვირუსის სიმპტომებს, პატარები მოარიდონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გაყვანას. გაუფრთხილდნენ მეგობრებს, გამოკეთდნენ სახლში და ისე მოვიდნენ ბაღში", - აცხადებს ეკა ხუციშვილი.

როგორც ეკა ხუციშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბარში აღნიშნა, რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ უკვე ჩაატარა საინფორმაციო კამპანია გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით. კამპანიის ფარგლებში, მოხდა მშობლების ინფორმირება გრიპის გავრცელების გზებისა და მისი პრევენციის შესახებ.