საახალწლო ღონისძიებები წელს რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება. სამზადისი ქალაქში საზეიმო განწყობის შესაქმნელად უკვე დაიწყო.
ცენტრალურ პარკში, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადღესასწაულო ღონისძიებები სამი დღის განმავლობაში, 29, 30 და 31 დეკემბერს გაიმართება.
კულტურისა და დასვენების პარკში სადღესასწაულო ღონისძიებების მოსაწყობად 3 ლოკაცია შეირჩა. სხვადასხვა ასაკობრვი კატეეგორიის წარმომადგენლებისთვის ღონისძიებები სხვადასხვა თემატური დატვირთვით იქნება წარმოდგენილი. პარკში მოეწყობა საახალწლო სოფელი, საკონცერტო სივრცე და ბავშვთა გასართობი მოედანი.
ბავშვების განწყობის შექმნაზე ანიმატორები იზრუნებენ. რუსთავში მოქმედი საბავშვო სტუდიების მონაწილეობით გაიმართება საბავშვო კონცერტი. პატარებისთვის მოეწყობა საცირკო წარმოდგენაც, რომელშიც მონაწილეობას ჯამბაზები, ილუზიონისტი, ჟონგლიორი და აკრობატი მიიღებს. ბავშვების გართობისთვის ასევე დაგეგმილია ძაღლების შოუს მოწყობაც. საახალწლო სოფლის სტუმარ პატარებს კი სანტა საჩუქრებს გადასცემს.
რუსთაველებს საზეიმო დღეების განმავლობაში არაერთხელ ექნებათ შესაძლებლობა იხილონ სხვადასხვა საკონცერტო წარმოდგენები ადგილობრივი ბენდებისა და სოლო შემსრულებლების მონაწილეობით. რაც შეეხება დასკვნით კონცერტს, 31 დეკემბერს კონცერტში მონაწილეობას მოწვეული მუსიკოსები და ქართული ესტრადის შემსრულებლები მიიღებენ.
რუსთავის ცენტრალური პარკი 29 , 30 და 31 დეკემბერს განსაკუთრებულად იქნება მორთული. რეკრეაციული სივრცე გაფორმებული იქნება განათებებითა და სხვადასხვა ილუმინაციებით.
ამასთან, 2-დან 7 იანვარის ჩათვლით უფასოდ გაიმართება საახალწლო სპექტაკლი სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის. ჯამში 4 ჩვენების მოწყობაა დაგეგმილი, თითოეული გათვლილი იქნება 2000 ბენეფიციარზე, დამსწრეებს საჩუქრები გადაეცემათ.