რუსთაველი სტუდენტი ევროპის წამყვან უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლებას

2026-06-20 11:10:44

რუსთაველი ანანო სიყმაშვილი ევროკომისიის მიერ აღიარებულ ელიტარულ სასწავლებელში სამაგისტრო პროგრამაზე განაგრძობს სწავლებას.

ანანომ რუსთავის 21-ე საჯარო სკოლა დაამთავრა და უნივერსიტეტ GIPA-ში სწავლობდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას მან აღნიშნა, რომ სწავლის გაგრძელება ევროპის ინსტიტუტში გადაწყვიტა და უმაღლესი სასწავლო დაფინანსებაც (75%) მოიპოვა.

"ჩემი საგანმანათლებლო გზა თავიდანვე ძალიან დინამიკური და საერთაშორისო გამოცდილებით დატვირთული იყო. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლა საქართველოში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე დავიწყე.
სწავლის პერიოდში, მაღალი აკადემიური მოსწრებისა და მკაცრი კონკურსის გავლის შედეგად, მოვიპოვე Erasmus+-ის სრული დაფინანსება და სტიპენდია, სასწავლო წლის ნაწილი საფრანგეთში, ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში (Université Catholique de Lille) გავატარე. საფრანგეთის ამ წამყვან და უძველეს კერძო უნივერსიტეტში მიღებულმა ევროპულმა გამოცდილებამ კიდევ უფრო განამტკიცა ჩემი ინტერესი გლობალური პოლიტიკის მიმართ.
შესაბამისად, მაგისტრატურაზე ჩემი არჩევანი სრულიად კანონზომიერი იყო: ჩავაბარე ევროკომისიის მიერ აღიარებულ ელიტარულ სასწავლებელში – ევროპის ინსტიტუტში (CIFE - Centre international de formation européenne), სადაც სამაგისტრო ხარისხთან (Executive Master in EU Studies) ერთად, მომენიჭება საფრანგეთის სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად აღიარებული პროფესიული ტიტული – „პოლიტიკის ოფიცერი ევროპულ და საერთაშორისო ორგანიზაციებში“ (Policy Officer in European and International Organisations)",- განაცხადა ანანომ.