2026-10-04 13:41:11
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით, დაკავებულები არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოდამნაშავეთა ნაწილი, თბილისის სხვადასხვა უბანში, ე.წ. დადების მეთოდით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ახდენდა.
პოლიციის მიერ ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „ალფა პვპ“, „მეთადონი“, „ამფეტამინი“, „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, „პრეგაბალინი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისა და კულტივირებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.