პოლიციამ 6 არასრულწლოვანი დააკავა

2026-09-22 11:12:59

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის მცდელობის ბრალდებით, 6 არასრულწლოვანი დააკავეს, მათ შორის 3 წარსულში ნასამართლევია.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, არასრულწლოვნებმა სხვადასხვა დროს, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თბილისში მდებარე სააფთიაქო და სასურსათო მაღაზიათა ქსელებიდან სხვადასხვა ღირებულების პროდუქცია და თანხა გაიტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია სავაჭრო ობიექტებში განთავსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებები დასტურდება.

დადგენილია, რომ ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა, მოქალაქის კუთვნილი მოტოციკლი, ხოლო მეორემ მიკროავტობუსი გაიტაცა. დაკავებულთაგან ერთი მოზარდი კი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე თავდასხმის შედეგად, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.

არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად, სხვადასხვა დანიშნულების სავაჭრო ობიექტს და ფიზიკურ პირებს ჯამში 30 000 ლარზე მეტი ფინანსური ზარალი მიადგათ.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ექვსივე არასრულწლოვანი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.