მიწის მესაკუთრეები სახელმწიფო რწმუნებულს და მერს შეხვდნენ [Video]

2026-07-17 19:55:10

იაღლუჯის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთავის შემოსასვლელში არსებული მიწის ნაკვეთების მფლობელები სახელმწიფო რწმუნებულს და მერს შეხვდნენ.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას რუსთავის შემოსასვლელში მიწის ნაკვეთის მფლობელმა, თამაზ გოგბერიძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგა.

"მიწები არის ჩვენი საკუთრება 30 წელია. ის ამბავი რომ მოსახლეობა იყო ინერტული და ააფერს არ აკეთებდა იყო სიცრუე და ტყული. იყო მორიგი შეხვედრა, ვერაფერზე ვერ შევჯერდით. ესენი არიან მხოლოდ დაპირებებზე გადასული და ვერ გვაძლევენ კონკრეტულ პასუხს რუსთავის შემოსასვლელკის მიწებთან მიმართებაში. ამბობენ რომ კომისია მუშაობს და შედეგები იქნება მაგრამ რა იქნება არ ვიცით. შეხვედრის შედეგი იყო კიდევ ერთი შეხვედრის ჩანიშვნა და ვითხოვთ პრემიერ მინისტრთან შეხვედრას",- განაცხადა თამაზ გოგბერიძემ.

"ინფო რუსთავთან" საუბრისას სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ განაცხადა, რომ იაღლუჯის ფერდის მიწების სამუშაო პროცესი დასასრულს უახლოვდება და მიწების 80% იდენტიფიცირებულია.

"იაღლუჯის მიწებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი დასასრულს უახლოვდება და მიწების 80% ფაქტიურად იდენტიფიცირებულია. ეს ძალიან მაგარი საქმეა. ათეული წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემა რომელიც დღემდე მოუგვარებელი იყო, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი მუშაობის მეშვეობით დასასრულს უახლოვდება. დარჩა 20% მიწების, რომლებიც გასარკვევი და დასაიდენტიფიცირებელია და დაახლოებით 2 კვირის ვადაში ამ საკითხებზეც ვიმსჯელებთ და გავავრცელებთ შესაბამის ინფორმაციას. რაც შეეხება სხვა თემებს, რუსთავის შემოსასვლელთან დაკავშირებულ მიწებზე მე მოვისმინე ის კითხვები რაც ამ ადამიანებმა დასვეს და ამ კითხვებს აუცილებლად გავაჟღერებ კომისიის წინაშე. ჯანდარას მიწებს და ლემშვენიერას მიწებს რაც შეეხება, ეს საკითხებიც დასმულია კომისიასთან და მუშაობის პროცესი დაიძრა და პერიოდულად ინფორმაციას გავავრცელებთ",-  განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ.

იგეგმება კიდევ ერთი შეხვედრის ჩანიშვნა, რწმუნებულსა და მიწის მეპატრონეებს შორის.