2026-07-14 13:55:23
საქართველოს პროკურატურამ დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის, ორგანიზების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე კიდევ 4 პირს ბრალდება წარუდგინა.
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
"საქართველოს პროკურატურის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებამ, საზღვრის გადაკვეთა გართულაა.
მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სამმა მოქალაქემ დანაშაულებრივი ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეთათვის თავშესაფრის მისაღებად საჭირო ყალბი ისტორიების, ე.წ. „ქეისების“ და შესაბამისი ყალბი მტკიცებულებების დამზადება წარმოადგენდა.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, საქართველოს მოქალაქეებს არწმუნებდნენ, რომ მათ მიერ დამზადებული დოკუმენტების და ასევე, მათ მიერ შექმნილი ისტორიების დახმარებით, უპრობლემოდ შეძლებდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღებას. ჯგუფის წევრები წერდნენ არარსებულ ისტორიებს, თუ როგორ დევნიდნენ საქართველოს მოქალაქეებს საქართველოში სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის, სამართალდამცავების მხრიდან მათი დევნის და სხვა მიზეზთა გამო. აღნიშნული ისტორიების გამყარების მიზნით, ჯგუფის წევრები ამზადებდნენ ყალბ დოკუმენტებს.
ჯგუფის ერთ-ერთი წევრის საცხოვრებელი სახლის და ოფისის ჩხრეკისას ამოღებულ მობილურ ტელეფონებსა და კომპიუტერულ მოწყობილობებში აღმოჩენილია ხუთასამდე მოქალაქის სახელზე დამზადებული ყალბი დოკუმენტაცია, თავშესაფრის მაძიებლისთვის საჭირო ისტორია, ე.წ. „ქეისები“ და სხვა ყველა საჭირო ყალბი ოფიციალური დოკუმენტი და სხვადასხვა ორგანიზაციის ყალბი ელექტრონული ბეჭდები. გამოძიებით ასევე, დადგენილია, რომ 2025 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის ივნისამდე დროის პერიოდში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად 675 794 ლარის, 388 526 აშშ დოლარის, 4 964 ევროს ოდენობით ფინანსური სარგებელი მიიღეს",- ნათქვამია განცხადებაში.