2026-07-11 23:27:28
თელავში 17 წლის არასრულწლოვანი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება.
"მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ერთ-ერთმა პირმა მეორე ცივი იარაღით, ყელის არეში დაჭრა.
17 წლის არასრულწლოვანი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკურად იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, ხოლო ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღის გამოყენებით არასრულწლოვანს დაზიანება მიაყენა.
შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.