2026-06-19 01:28:05
ფესტივალ "ქართულის" ფარგლებში, რუსთავს თურქეთის ქალაქ ინეგოლის დელეგაცია ესტუმრა.
რუსთავს, კონკურს-ფესტივალის „ქართულის“ ფარგლებში, თურქეთის დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა. დამეგობრებული ქალაქის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც, ინეგოლის მერის მოადგილე, საკრებულოს წევრები და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები არიან, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა მიიღეს. შეხვედრას ქალაქის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიის სამსახურების უფროსებიც ესწრებოდნენ.
რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, დამეგობრებულ ქალაქებს შორის კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის მიმართულებით სამომავლო ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრა.
“ქორეოგრაფიულ ფესტივალ - „ქართულზე“ დასასწრებად, ჩვენი დამეგობრებული ქალაქის ინეგოლის დელეგაცია გვესტუმრა. თურქეთში პირველი ქართული სათვისტომო სწორედ ამ ქალაქში შეიქმნა. ინეგოლში ძალიან ბევრი ეთნიკური ქართველი ცხოვრობს და მათი ,,ქართულზე" დასწრება ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებულია. რუსთავსა და თურქეთის ქალაქ ინეგოლს შორის მეგობრობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ფესტივალ „ქართულზე“ მათი სტუმრობა ჩვენს ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ინეგოლის დელეგაციის წევრები რუსთავში სამი დღის განმავლობაში დარჩებიან, დაესწრებიან ქორეოგრაფიული ფესტივალის „ქართულის“ დახურვის საზეიმო ღონისძიებას. თანამედროვე ქალაქთან ერთად, სტუმრები რუსთავის ისტორიულ მუზეუმსაც დაათვალიერებენ, ადგილზე ნახავენ რუსთავის ციხეს და იქ მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციას გაეცნობიან.
რუსთავი და ინეგოლი დამეგობრებულ ქალაქებად 1993 წლიდან ითვლება.
ინეგოლში მოქმედი ქართული სათვისტომო, თურქეთის რესპუბლიკაში დაფუძნებული პირველი ქართული სათვისტომოა. ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40 პროცენტი, ეთნიკურად ქართული წარმომავლობისაა.