გაზრდილი ჯარიმა რუსთავში არასწორი პარკირებისთვის

2026-06-18 12:38:31

რუსთავში ავტომობილების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, პიკის საათებში ცენტრალურ ქუჩებზე უკვე შესამჩნევია საავტომობილო საცობებიც.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" მიერ ჩატარებული ქუჩის გამოკითხვის დროს მოქალაქეებმა ერთ-ერთ დიდ პრობლემად საკმარისი საპარკინგე სივრცეების არ არსებობა დაასახელეს.

მათი თქმით, ქალაქში დასამატებელია პარკინგისთვის საჭირო ადგილები, რადგან მძღოლებს ხშირად ისეთ ადგილას უწევთ ავტომობილის გაჩერება, სადაც აკრძალულია.

1 მაისიდან კი არასწორი პარკირებისთვის ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა.

ასევე, პოლიციას აქვს უფლება, რომ თუ მითითების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების მეპატრონე მანქანას აღნიშნული ტერიტორიიდან არ გაიყვანს, გამოიძახოს ევაკუატორი და მოხდეს ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა. შესაბამისად, მძღოლს 50 ლარის გარდა, საჯარიმო სადგომზე განთავსებისთვის დღიური თანხის გადახდაც მოუწევს.