"დღეიდან იწყება ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა"

2026-05-26 22:59:31

"ვიცი, რომ ბევრი იმედგაცრუებული ხართ, ბევრი ცოტა სკეპტიკურად უყურებთ ამ პროცესს, მაგრამ ერთ რამეს გთხოვთ: ვენდოთ ერთმანეთს. მე თქვენ გენდობით, მე თქვენ პატრიოტიზმს ვენდობი, მეთქვენ სამშობლოს სიყვარულს ვენდობი და გთხოვთ, გამოგვიცხადეთ ნდობა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, გამარჯვება მოვუტანოთ მთლიანად საქართველოს. გპირდებით, რომ საქართველო იქნება ძლიერი, ერთიანი, ევროკავშირის წევრი, რეგიონის ლიდერი, გამთლიანებული, ერთ მუშტად შეკრული, ამაყი ერი",- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე შედგა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

"მიუხედავად იმისა, რომ ხან სცენა, ხან მიკროფონი არ მოგვატანინეს, ჩვენ აქ ვართ და ვიცავთ ჩვენს ღირსებას, ჩვენისამშობლოს ღირსებას და აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობას. მადლობა თქვან. თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისზეც დღეს დგას ქართული ღირსება, თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც შენარჩუნებული აქვს ის ქართული ღირებულებები, რომელმაც ამაყად უნდა შეაბიჯოს ევროპულ, ძალიან დიდ ოჯახში.

ორი სურათი გვიდგას თვალწინ: ერთ მხარეს არის გათითოკაცებული, დაჩაგრული, იზოლაციაში მოქცეული, გაჭირვებული საქართველო, რომლის ნათელ სურათს ვხედავთ დღეს ჩვენ და მეორე მხარეს არის ერთ მუშტად შეკრული, ღირსეული, რეგიონის ლიდერი, განვითარებული, ამაყი, ერთ მუშტად შეკრულისაქართველო. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვირჩევთ. ჩვენ ვირჩევთ ღირსებას, ერთიანობას.

მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც შეიძლება ჩვენ არ მოვწონვართ და მინდა, ერთი რამ ვუთხრა: ხალხნო, ჩვენ თქვენთან გასაყოფი არაფერი გვაქვს, რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობს, რომ წაგვკიდოს ერთმანეთს, დაგვაპირისპიროს და გთხოვთ, დავდგეთ ერთად, ყველანი გავერთიანდეთ და წავიყვანოთ წინ საქართველო იმიტომ, რომ ისევე, როგორც თქვენ, ჩვენც გვაწუხებს ფასები, რომელიც დღეს უსაშველოდ მაღალია, ისევე როგორც თქვენ, გვაწუხებს უსაშველოდ გაზრდილი ჯარიმები, გვაწუხებს, რომ ამ ბავშვებს წამალს არ უფინანსებენ ელემენტარულად, მაგრამ სხვა ყველაფრისთვის შოულობენ ფულს, ისევე როგორც თქვენ, გვაწუხებს ემიგრაციაში წასული ჩვენი თანამემამულეები, გვაწუხებს დაცლილი სოფლები და ქალაქები საქართველოში. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ერთმუშტად შეკრულ ქართველ ხალხს შეუძლია ყველა ეს პრობლემა გადალახოს. ამიტომ გთავაზობთ, დავდგეთ ყველა ერთად. არ გვაქვს ჩვენ ქართველებს არაფერი გასაყოფი და იმ რამდენიმე ათეულ ადამიანს, ბოროტების, უსამართლობის წყაროს ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვუთხრათ "არა" და უნდა ვუთხრათ, რომ მათი ტყუილი, სიბინძურე ვერ იმუშავებს ჩვენზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღე არის საერთო ეროვნული მობილიზაციის დღე, რომელიც შედგა. მისი თქმით, დღეიდან იწყება საერთო ეროვნული მობილიზაციის მეორე ფაზა.