ვის შეუწყდება სოციალური შემწეობა

2026-05-12 11:31:42

სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლის ერთ წევრზე გაანგარიშებით თვიური შემოსავალი 1250 ლარი იქნება, სოციალური შემწეობა შეუწყდება.

ამის შესახებ 7 მაისს მიღებულ მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ.

კერძოდ, დოკუმენტში წერია, რომ თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად 1 250 ლარზე ტოლია ან მეტია, ოჯახს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე შეუწყდება.

ეს ნიშნავს, რომ სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის სტატუსის შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ოჯახის მთლიანი, ჯამური შემოსავალი. თუ ოჯახის ჯამური შემოსავალი, ოჯახის წევრებზე გადანაწილების შედეგად, ერთ წევრზე ყოველთვიურად 1250 ლარს ან მეტს შეადგენს და ეს შემოსავალი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში გრძელდება, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამატებითი შეფასების გარეშე.

ცვლილებებზე პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი ცაგარეიშვილმაც ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე საკმარისია თუ არა 1250 ლარი ოჯახის სარჩენად, ცაგარეიშვილი პასუხობს, რომ შესაძლოა, ოჯახის სარჩენად ეს თანხა საკმარისი არ იყოს, თუმცა ეს არის სახელმწიფოსგან დადგენილი მინიმუმი.

"1250 ლარი შესაძლოა ოჯახისთვის საკმარისი არ იყოს, მაგრამ ეს არის ის მინიმუმი, რომელსაც ადგენს კანონმდებელი იმისთვის, რომ თქვენ ხელი შეგიწყოთ სხვადასხვა პროგრამაში ჩართულობაში. მათ შორის ჯანდაცვის სფეროში სხვადასხვა შეღავათის მიღებაში და ა.შ. ამის იქით ნუღარ დაიწყებთ ძებნას ვინ როგორ ხარჯავს, ეს არის დამოკიდებული კონკრეტულ ადამიანზე", - ამბობს მინისტრის მოადგილე.

მიმდინარე წლის თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების მასშტაბურ გადამოწმებას იწყებენ. მიზანი რეკორდულად გაზრდილი შემწეობის მიმღებთა შემცირებაა, რომელთა დახმარებაზეც ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. ახლა უკვე მთავრობაშიც აღიარებენ, რომ ბაზაში რეგისტრირებულ 700 ათასზე მეტი ადამიანიდან ყველას სახელმწიფოს დახმარება არ სჭირდება. ჯანდაცვის მინისტრი ასახელებდა მაგალითებს, როცა შემწეობის მიმღებ ოჯახებს რამდენიმე ასეული ათასის შემოსავალი ჰქონდათ და ძვირად ღირებული მანქანებიც იყიდეს.

წყარო - ბმჯ