2026-05-05 11:27:03
რუსთავში აპრილის თვეში ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 64 ფაქტი გამოავლინეს და მძღოლები დააჯარიმეს.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
"ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 665 ფაქტი გამოავლინეს.
369 სამართალდარღვევა გამოვლენილია თბილისში, 126 - ბათუმში, 106 - ქუთაისში, 64 კი - რუსთავში.
592 სამართალდარღვევა ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 73 შემთხვევაში კი, დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 421 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 226 - მიკროავტობუსების, 18 კი - სატვირთო ავტომობილების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო სექტორიდან დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. კონტროლის დაწყებიდან დღემდე, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, შეძენილ იქნა ჰიბრიდული ავტომობილები. ეკიპაჟები აღჭურვილია შესაბამისი გამზომი ხელსაწყოებით. პერიოდულად ხდება თანამშრომლების გადამზადება. დეპარტამენტის თანამშრომლებს უკვე უფრო მეტ ლოკაციაზე, მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოწმების შესაძლებლობა აქვთ. შედეგად, კონტროლი გახდა უფრო მასშტაბური და ეფექტიანი - მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში, დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, გამოვლენილია ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის 2891 ფაქტი",- ნათქვამია განცხადებაში.