2026-04-06 14:33:56
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ წვევამდელის გამოძახება როგორც უწყების ჩაბარებით, ასევე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით - მათ შორის მოკლე ტექსტური შეტყობინებით განხორციელდება.
კანონის პროექტი, რომელიც წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანასთან და წვევამდელის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს ეხება, თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა.
პროექტის მიხედვით, წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევა შემდეგი თანმიმდევრობით მოხდება: - პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის ხელმოწერით უნდა დასტურდებოდეს; ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით, რაც უკუკავშირით და შესაბამისი ორგანოს მიერ შედგენილი აქტით დადასტურდება.
კანონის პროექტის თანახმად, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი ორგანო ოფიციალურ ვებ-გვერდზე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას აქვეყნებს, რომელიც გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად მიიჩნევა. ამ შემთხვევაში პირი ვალდებული იქნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ ორგანოში გამოცხადდეს.
ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პირის ოჯახის წევრები, რომლებსაც შესაძლებელი იქნება, რომ შეტყობინება/უწყება ჩაბარდეს.
გარდა ამისა, თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული რიგი საკითხები ახლებურად დარეგულირდება.
კოდექსის მოქმედი რედაქციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის სახით გადის, კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, თავდაცვის ძალების რეზერვში ჩაირიცხება, თუ კონტრაქტის შეწყვეტისას, მას ნამსახურები აქვს 12 თვე, ხოლო ამ ვადის გაუსვლელობის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას - 6 ან 8 თვის ვადით.
ცვლილების მიხედვით, პროფესიულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი, მის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ავტომატურად იქნება გადაყვანილი 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, თუ მას არა აქვს გაწვევისაგან გათავისუფლების ან გადავადების უფლება, ასევე მძიმე ოჯახური მდგომარეობა, რაც შესაბამისი დოკუმენტებით უნდა დასტურდებოდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ პროფესიული სამხედრო სამსახურის კონტრაქტის პირობების დარღვევა ჯარიმის დაკისრებას იწვევს, ცვლილებები ამ მიმართულებითაც ხორციელდება. კერძოდ, პროფესიული სამხედრო სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანილ პირს, კონტრაქტის დარღვევის გამო ჯარიმის გადახდის ვალდებულება 8 თვის ვადით გადაუვადდება, ხოლო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჯარიმის გადახდის ვალდებულება საერთოდ შეუწყდება.