უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა

2026-03-20 16:55:40

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„დღეს ღრმა მწუხარება და სევდა ავსებს ჩემს გულს, ისევე როგორც მრავალი უკრაინელის გულს, რადგან დასრულდა მისი უწმინდესობის პატრიარქ ფილარეტის მიწიერი ცხოვრება“, - განაცხადა ეპიფანემ.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა მოუწოდა მთელ უკრაინულ მრევლს, ახლად გარდაცვლილი პატრიარქ ფილარეტის სულისთვის ილოცონ.

9 მარტს ცნობილი გახდა, რომ ფილარეტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კიევის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. უკრაინული მედია წერს, რომ უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, პატრიარქი ფილარეტი უკრაინის საეკლესიო ავტონომიის აღდგენისა და უკრაინაში მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებისთვის იბრძოდა. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის მიღებამდე ის კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა. 2018 წელს, გაერთიანების საბჭოსა და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის შექმნის შემდეგ, ფილარეტი მისი საპატიო პატრიარქი გახდა.