2026-03-04 21:09:58
სატვირთოს მძღოლი, ფრიდონ მაღლაკელიძე, რომელსაც საქართველოში 298 კგ "ჰეროინის" შემოტანას ედავებოდნენ, სასამართლომ სრულად გაამართლა და სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბრალდებულის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ფრიდონ მაღლაკელიძის დაკავება და ბრალდების წაყენება ისეთი მუხლით, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იყო სრულიად გაუმართლებელი.
"ტვირთი გადაიტანა ერთი ადგილიდან მეორეზე. ტრაილერი დატვირთეს სომხეთში, ძვირადღირებული აგურით, რომელიც იყო დალუქული. ფრიდონ მაღლაკელიძეს ვალდებულება კი არა, იმის უფლებაც არ ჰქონდა, რომ ლუქი მოეხსნა, აგურები გაეტეხა და გაერკვია შიგნით ნარკოტიკი იყო თუ არა. მისი მოვალეობა იყო მხოლოდ ის, რომ ზუსტად იმ მდგომარეობაში გადმოეტანა საქართველოში, რა მდგომარეობაშიც იყო დატვირთვის დროს. ფრიდონ მაღლაკელიძის დაკავება და ბრალდების წაყენება ისეთი მუხლით, რომელიც უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, იყო სრულიად გაუმართლებელი და ჯოხის ერთ უდანაშაულო ადამიანზე გადატეხა მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობაში არ იყვნენ მიცემული ის პირები, ვინც სინამდვილეში დატვირთა, ინფორმირებული იყვნენ, რომ ნარკოტიკი უნდა შემოეტანათ, ვინც დაგეგმა აღნიშნული დანაშაული, ეს იყო სრულიად გაუმართლებელი",- განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ რომ, ფრიდონ მაღლაკელიძეს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონო შემოტანის ბრალდებით ჰქონდა წაყენებული. მას 8-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.