2026-02-17 12:06:44
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ბრალდებით სხვადასხვა დროს 4 პირი დააკავეს.
ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
"სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ალფა-პვპ“, „მეფედრონი", „გამომშრალი მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.