2026-01-29 17:33:27
რუსთავის აზოტის ქარხანაში უკვე მეორე დღეა, ქარხნის დასაქმებულები გაფიცული არიან.
მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ხელფასის 300 ლარით გაზრდაა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ერთ-ერთმა გაფიცულმა დავით მეტრეველმა განუცხადა, არ აპირებენ უკან დახევას და მოითხოვენ ადმინისტრაციისგან ბოდიშის მოხდას.
"არც ერთ შემთხვევაში არ ვაპირებთ ამ პროტესტის შეწყვეტას და უკან დახევას. ჩვენი მოთხოვნაა ხელფასის ფიქსირებული თანხით, 300 ლარით, გაზრდა და არა რაიმე პროცენტი. მათი [დირექციის] მხრიდან იქნება კეთილშობილური ნაბიჯი, თუ გამოვლენ და ამ ადამიანებს მოუხდიან ბოდიშს დამცირებისთვის. არ დავიშლებით, არსად არ წავალთ.
საწარმო პროცესი გაჩერებულია. ეს არ ყოფილა აქ მომუშავე პერსონალის ბრალი. საწარმო პროცესის გაჩერება იყო თვითონ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება",- განაცხადა დავით მეტრეველმა.
სხვადასხვა საამქროს ხელმძღვანელებსა და ქარხნის დირექციის შორის გაიმართა შეხვედრა. სადაც განიხილეს გაფიცულთა მოთხოვნები და ანაზღაურების გაზრდა. მოლაპარაკება უშედეგო იყო. აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდება.
დასაქმებულები ქალაქის მერს, ნინო ლაცაბიძეს, მიმართავენ და თანადგომისკენ მოუწოდებენ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" პოზიციის დასაფიქსირებლად, კიდევ ერთხელ დაუკავშირდა "რუსთავის აზოტს", სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზეც კომენტარისგან თავს იკავებენ.