2026-01-28 10:50:02
კვალიფიციური პედაგოგიური კადრების სისტემაში მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით, შეიქმნება სისტემური, პროგნოზირებადი და რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას, - ამის შესახებ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემა, მიუხედავად მისი მასშტაბურობისა, ბოლომდე ვერ პასუხობს მასწავლებელთა რეალურ საჭიროებებს.
„მასწავლებელთა რესურსის თვალსაზრისით, გარკვეული დისციპლინების მიმართულებით, ქვეყანაში საკადრო სიჭარბე შეიმჩნევა, მაშინ, როდესაც ზოგიერთ დისციპლინაზე ხშირად კვალიფიციური კადრების დეფიციტია. ასევე დიდი გამოწვევაა მაღალმთიანი და შორეული ბარის სოფლის სკოლებში დასაქმების მიზნით მასწავლებელთა კადრების მოზიდვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების არსებული პროგრამები და გადამზადების მექანიზმები ხშირად ვერ პასუხობს ვერც მასწავლებლის და ვერც სკოლის საჭიროებას. საგნობრივი და მეთოდური გადამზადება, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის მექანიზმები უმეტესწილად მორგებულია მოკლევადიან საჭიროებებზე და არ არის ორიენტირებული გრძელვადიან პროგნოზებსა დ შრომის მოთხოვნებზე. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალი საგნების დანერგვასა და ამ მიმართულებით მასწავლებლების გადამზადებას, მაშინ, როდესაც შედარებით ნაკლები სისტემური მხარდაჭერა აქვს საგნებს: ქართულ ენასა და ლიტერატურას, ისტორიას, გეოგრაფიას, მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას. გამოწვევაა სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრის პროცესის განხორციელება, რომელიც დაკავშირებული იქნება მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებასა და სწავლების პროცესის ხარისხის ამაღლებასთან. შესაბამისად, ვერ ხერხდება სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეფექტური მოდელების ამოქმედება და, ძირითადად, სკოლები გარე სერვისებზე არიან დამოკიდებული.
კვალიფიციური პედაგოგიური კადრების სისტემაში მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით, შეიქმნება სისტემური, პროგნოზირებადი და რეალურ საჭიროებებზე დაფუძნებული მასწავლებლის პროფესიული განვითარების მოდელი, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებას. პედაგოგიური მიმართულების გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება აკადემიურ სივრცეში. სისტემური მოდელი გულისხმობს როგორც ახალი კადრების მომზადებას და პროფესიაში შემოსვლის გზების დივერსიფიცირებას, ასევე რეგიონული და საგნობრივი დისბალანსების დაძლევას. სახელმწიფოს ექნება ზუსტი პროგნოზი, თუ რომელ რეგიონს, რომელ საგანში და რა რაოდენობის მასწავლებელი დასჭირდება მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. ეს პროგნოზი დაეფუძნება დემოგრაფიისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მასწავლებელს ექნება კარიერული წინსვლის მკაფიო ხედვა, რომელიც დაეფუძნება საგნობრივ ექსპერტიზას, კვლევით საქმიანობასა და მართვის/ადმინისტრირების მხარდაჭერას. მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშემწყობი მექანიზმები შემუშავდება მასწავლებლის, სკოლისა და განათლების სისტემის საჭიროებიდან გამომდინარე და მასწავლებლებს ექნებათ სისტემური მხარდაჭერა ონლაინსაგანმანათლებლო რესურსებით უზრუნველყოფის მიმართულებით; ასევე, პრაქტიკული საქმიანობისგან მოუწყვეტლად, ონლაინ ფორმატში შეძლებენ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის საჭირო მხარდამჭერი სერვისების მიღებას. მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება იქნება მზარდი”, – აღნიშნულია ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში.