2025-12-20 20:27:55
შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.
ინფორმაციის ტანახმად აქციის მონაწილეებს პროტესტის გამოხატვა მხოლოდ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და არსებულ კიბეებზე შეეძლებათ, რათა არ შეაფერხონ ტროტუარზე მოძრაობა.
„2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შეკრება თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე, შეკრების ფორმა: შეკრება (მსვლელობის გარეშე); შეკრების ჩატარების ადგილი: თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი №8, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია;
შეკრების დაწყების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 19:00 საათი;
შეკრების დასრულების თარიღი/დრო: 2025 წლის 21-31 დეკემბერი, 24:00 საათი;
შეკრების ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი: კახა წიქარიშვილი;
შეკრების თაობაზე გაფრთხილების შემოტანის თარიღი: 2025 წლის 17 დეკემბერი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული შესასრულებლად სავალდებულო მითითება:
2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გასამართი შეკრების მონაწილეებმა შეკრებაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმგვარად, რომ საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს, ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ მუშაობას, ტრანსპორტის ან ხალხის შეუფერხებელ გადაადგილებას, ადამიანის სხვა უფლებებსა და თავისუფლებებს. ამასთან, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირზე №8-ში მდებარე, საქართველოს პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება“, – წერია განცხადებაში.