"არ შეიძლება 2 ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ქალაქის გაერთიანება"

2025-11-24 18:17:45

"არ შეიძლება თავკომბალას გაკეთება ქვეყანაში, რ შეიძლება 2 აბსოლუტურად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ქალაქის გაერთიანება. უფრო მეტ დატვირთვას და ურბანულ დასახლებას ქმნის",- ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კრწანისში დაგეგმილი Eagle Hills-ის ინვესტიციის შესახებ "საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განუცხადა.

ჩხობაძის თქმით, კრწანისის ტყეპარკი ბუფერული ზონაა, როგორც დედაქალაქისთვის, ასევე რუსთავისთვის და ამ ტერიტორიაზე ახალი ქალაქის აშენება ეკოლოგიურ პრობლემებს შექმნის ორივე ქალაქისთვის.

"70-იან წლებში საბჭოთა კავშირში გაჩნდა იდეა თბილისისა და რუსთავის გაერთიანების, ერთიანი აგლომერაციის შექმნის, თუმცა ითქვა უარი.

არ შეიძლება თავკომბალას გაკეთება ქვეყანაში, არ შეიძლება 2 აბსოლუტურად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ქალაქის გაერთიანება. უფრო მეტ დატვირთვას და ურბანულ დასახლებას ქმნის.

თბილისს უნდა ჰქონდეს თავისი ბუფერული ზონა, მწვანე საზღვრები და რუსთავსაც უნდა ჰქონდეს ბუფერული საზღვარი მწვანე ზონით.  

კრწანისი ბუფერული ზონა არის როგორც თბილისისთვის, ასევე რუსთავისთვის. ეს მწვანე, პატარა ოაზისი იცავს რუსთავსაც და თბილისსაც. თებერვლიდან დეკემბრამდე რუსთავიდან მომავალი ქარია გაბატონებული და იცავს ქალაქს, დეკემბრიდან თბილისის ჩათვლით კი თბილისიდან მიმავალი ქარია და იცავს რუსთავს. ეს არის ის მწვანე ზოლი, რომელიც შემორჩენილია და პირიქით, მისი განვითარება უნდა მოვახერხოთ.

რუსთავში ჭალის ტყეების აღდგენა დაიწყო, რომელიც დაიცავს თვითონ რუსთავს, აქეთ მონაკვეთში კი დარჩენილია კრწანისის ტყეპარკი, რომელიც იცავს თბილისს და რუსთავს. აქ ისევ ურბანული დასახლების განვითარება, შეიძლება იყოს პრობლემატური ორივე ქალაქისთვის, რადგან ჩვენ ვკეტავთ ორივე ქალაქს განიავებისაგან და უფრო მეტად შეიძლება დავძაბოთ ჰაერის მიმოსვლა, განსაკუთრებით პრობლემური შეიძლება გახდეს თბილისისთვის, რადგან ბევრი ხეობა, საიდანაც ხდებოდა განიავება, ჩაკეტილია, მშენებლობებია. დარჩენილია მარტო რუსთავ-თბილისის მონაკვეთი. ესეც თუ ჩაიკეტა, თბილისის უფრო დიდი პრობლემა შეექმნება",- გვითხრა ნინო ჩხობაძემ.

მისივე თქმით, ტყე-პარკის ტერიტორიაზე ახალი ქალაქის აშენება გამოიწვევს არამხოლოდ ეკოლოგიურ, არამედ ინფრასტრუქტურულ პრობლემებსაც.

ჩხობაძე ამბობს, რომ თბილისსაც და რუსთავსაც მოუწევს საკანალიზაციო, სადრენაჟო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გადაწყობა, რაც მისი აზრით, კიდევ უფრო რთული პრობლემაა.

"კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ჭამოიჭრება არის ინფრასტრუქტურა. ვგულისხმობ წყალგაყვანილობას, კანალიზაციას. რუსთავიც და თბილისიც დამოკიდებულია გარდაბნის გამწმენდი. რეალურად ეს გამწმენდი გათვლილია ამ 2 აგლომერანტზე, ოღონდ იმ ძველ ჩარჩოებში, როგორც თავის დროზე დათვალეს. ახალი დამატებითი დიდი ქალაქის მშენებლობამ შუაში, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კოლაბსი გამწმენდი ნაგებობისთვის. თბილისი დღესაც კი არაა ბოლომდე კანალიზებული, რადგან თბილისის ძველი საზღვრები არის უფრო პატარა, ახალი რაც მიემატა 15-20 წლის წინ, რეალურად არის უფრო დიდი და არ არის ბოლომდე კანალიზირებული, არ არის ერთ სისტემაზე დაყენებული.

როგორც კი ახალი რაღაცა ემატება, ორივე ქალაქს მოუწევს გადაწყობა ინფრასტრუქტურის, საკანალიზაციო, სადრენაჟო, წყალმომარაგების. ორივე ქალაქს შეექმნება პრობლემა, თუ სწორად დამატებითი ინვესტიციები არ ჩაიდო. ეს არის უფრო რთული პრობლემა, ვიდრე გვგონია პირველი შეხედვით",- აცხადებს "საქართველოს მწვანეების" თავმჯდომარე.