2025-11-10 22:55:58
პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, გამოძალვისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჯგუფურად და ანგარებით, განზრახ მკვლელობის ორგანიზებისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების გადაზიდვისთვის ექვს პირს, რომლებიც ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტთან ელმურაზ მამედოვთან არიან დაკავშირებული, ბრალდება წარუდგინა.
უწყების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებ ფერმერს, უცხო ქვეყნიდან დაუკავშირდა წარსულში ნასამართლევი, წითელი ცირკულარით ძებნილი, კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი წევრი ელმურაზ მამედოვი, რომელმაც ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დაზარალებულს 200 000 აშშ დოლარის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც ამ უკანასკნელმა განუცხადა უარი. კრიმინალური სამყაროს წევრმა მსხვერპლის დაშინებისა და თანხის მიღების მიზნით, სამ თანამზრახველს დაავალა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილის მკვლელობა.
„7 ნოემბერს, საღამოს საათებში, დაზარალებულის კუთვნილი ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამი პირი ჩაუსაფრდა არასრულწლოვანს, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა. ელმურაზ მამედოვთან შეთანხმებისამებრ ერთ-ერთმა პირმა, მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან დამიზნებით გაისროლა არასრულწლოვნის მიმართულებით, თუმცა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო.
სამართალდამცველებმა ორი პირი 8 ნოემბერს დააკავეს, ორი პირი კი მიმალვაში იმყოფება.
ელმურაზ მამედოვს ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25.109-ე მუხლის „ე“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის ორგანიზება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ანგარებით) და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინა.
მამედოვის თანამზრახველებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.109-ე მუხლის „ე“, „ი“ და „ნ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, ჯგუფურად, ანგარებით) და 25,181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებითა (გამოძალვაში დახმარება, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნაში დახმარება, რასაც თან ერთვის დაზარალებულის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით) წარედგინათ.
ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ელმურაზ მამედოვი მარნეულში მცხოვრებ ბიზნესმენს მოკვლის მუქარით სძალავდა 50 000 აშშ დოლარს.
დაზარალებულის მხრიდან უარის მიღების შემდეგ, კი ბრალდებულმა ბიზნესმენის მაღაზიის დაზიანება რამდენიმე პირს შეუკვეთა, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად უკანონო შეძენაში დაეხმარა. დანაშაულში ჩართულმა პირებმა იარაღის რამდენჯერმე გასროლით დააზიანეს დაზარალებულის მაღაზიის ფასადის მინა და იქ არსებული პროდუქცია.