აქცია რუსთავის იზოლატორთან

2025-10-26 15:36:17

რუსთავის იზოლატორთან, სადაც რუსთაველის გადაკეტვის ბრალდებით დაკავებული ნათია ლეთოდიანი, ზურაბ ცეცხლაძე და გიორგი ლიფონავაა მოთავსებული, მათი ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს.

"მე პოლიტპატიმრის დედის სახელით ვარ წარმოდგენილი. ყოველთვის ვუერთდებოდი აქციებს და ვიბრძოდი სამართლიანობისთვის. როდესაც არაქართული საქმის მკეთებლების გირაოთი გამოდიან გარეთ და ნათია ლეთოდიანის მსგავსი გოგო-ბიჭები და პოლიტპატიმრები სხედან ციხეებში, ძალიან უმსგავსო საქციელია. ვფიქრობ, ბრძოლა ბოლომდე უნდა იყოს და უკან დახევის დრო არაა, ბეწვის ხიდზე გავდივართ და ქვეყანა ჩვენი გადასარჩენია",- გვითხრა რუსთაველი აქტივისტის და "დროას" წევრის, ნათია ლეთოდიანის დედამ, ნინო ლომიძემ.

იზოლატორში ლეთოდიანი მოინახულა მისმა უფლებადამცველმა თეო ზაქარაშვილმა. მისი თქმით, დაკავებული თავს კარგად გრძნობს.

შეგახსენებთ, რომ ნათია ლეთოდიანი 24 ოქტომბერს გზის გადაკეტვის ბრალდებით დააკავეს და რუსთავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, მას მოსამართლემ 6 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.