700 დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე ყალბი მართვის მოწმობა გაასაღა

2025-08-26 11:02:35

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 700 აშშ დოლარის სანაცვლოდ მოქალაქეზე გაასაღა ყალბი ქართული მართვის მოწმობა.

"საგამოძიებო სამსახური დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ექვს წლამდე ვადით", - წერია გავცრელებულ ინფორმაციაში.