რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის ინტერვალი გაიზარდა

2025-07-21 12:16:56

რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის ინტერვალი ზაფხულის პერიოდში იზრდება.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ქალაქის მერიაში განუცხადეს.

მათი თქმით, ზაფხულში მგზავრთა ნაკადის შემცირების გამო შიდასაქალაქო და რუსთავი-თბილისის ავტობუსები გაზრდილი ინტერვალით მოემსახურებიან მგზავრებს.

"ზაფხულში, ივლისსა და აგვისტოში მგზავრთნაკადი არის ნაკლები და შესაბამისად, ყოველთვის მგზავრთნაკადის კლებასთან ერთად ხდება ხაზზე მოძრავი ავტობუსების შემცირება, რაც გამოიწვევს 4-5 წუთიან სხვაობას წინა გრაფიკთან შედარებით",- განგვიცხადეს მერიაში.

მათივე ცნობით, შიდა საქალაქო ავტობუსების ინტერვალი 11 წუთიდან 15 წუთამდე გაიზარდა, ხოლო თბილისი-რუსთავის 12-დან 16-მდე.