კომუნალური გადასახადების დაფინანსება რუსთავში

2025-06-27 13:27:26

რუსთავის მერია სოციალურ პროგრამებს "შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე" და "ომის ვეტერანთა კომუნალური მომსახურების დაფარვა" აგრძელებს. 

შეღავათი სასმელი წყლის გადასახადზე

"ქვეპროგრამით მოსარგებლეებს წარმოადგენენ ქალაქ რუსთავში მცხოვრები მოქალაქეები, ასევე მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში, განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ) და რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57 000-ს არ აღემატება", - ნათქვამია მერიის ვებ. გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

ომის ვეტერანთა კომუნალური მომსახურების დაფარვა

"ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ რუსთავში მცხოვრები ოჯახები, რომლებიც ქალაქ რუსთავში რეგისტრირებულნი არიან არანაკლებ 2 (ორი) წლის განმავლობაში უწყვეტად (წყვეტის შემთხვევაში რეგისტრაცია არ უნდა ფიქსირდებოდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ):

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ ჯარისკაცთა ოჯახები;

ბ) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების;

გ) 2004 წლის აგვისტოში, შიდა ქართლში, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციების დროს, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების;

დ) საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისას საბრძოლო ოპერაციების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახები.

პროგრამა ითვალისწინებს კომუნალური დავალიანებების (ელ-ენერგია, ბუნებრივი აირი) დაფარვას წლიურად, არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.

გამონაკლისს წარმოადგენენ დევნილები, რომელთაც მოეთხოვებათ ქალაქ რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწერილობა", - ვკითხულობთ მერიის ვებ. გვერდზე.