"ესთეტიკურ პროცედურებზე მოთხოვნა არის იქიდან გამომდინარე, რომ მათმა პოპულარობამ ბოლო პერიოდში ძალიან იმატა", - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან" საქართველოს ესთეტიკის ფედერაციის პრეზიდენტი თამუნა შარაშენიძე აცხადებს.
მოთხოვნის ზრდის პარალელურად, ესთეტიკური მომსახურებების კუთხით რიგი საკითხები კვლავაც გადაუჭრელია. მაგალითად, შარაშენიძე აღნიშნავს, რომ ბაზარზე გაჩნდა ძალიან ბევრი ექიმ-ესთეტიკოსი, თუმცა ეს სფერო დღემდე არ არის ლიცენზირებად, რაც ბაზარზე კვალიფიციური კადრების კუთხით უკონტროლო მდგომარეობას ქმნის.
"ესთეტიკურ პროცედურებზე მოთხოვნა არის იქიდან გამომდინარე, რომ მათმა პოპულარობამ ბოლო პერიოდში ძალიან იმატა. დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სურვილი, რომ გამოიყურებოდეს უკეთესად. ამან გამოიწვია სფეროში დასაქმებული პირების რაოდენობის მკვეთრი ზრდაც, არიან ისეთი კადრებიც, რომლებიც არ არიან პროფესიით ექიმები, თუმცა, ამ საკითხს დღეს ქვეყანაში არავინ არეგულირებს. იმან რომ რეგულაციებისა და სტანდარტების არარსებობაა დღეს ქართულ ბაზარზე, ძალიან რთული მდგომარეობა გამოიწვია იმ თვალსაზრისით, რომ პროფესიონალ ექიმებსაც შეუმცირდათ პაციენტების რაოდენობა, რადგან გაჩნდნენ ძალიან ბევრი ე.წ. პროფესიონალი ესთეტიკოსები", - აღნიშნავს თამუნა შარაშენიძე.
გარდა კვალიფიციური კადრებისა, ჯერ კიდევ პრობლემურია იმ პრეპარატების სერტიფიცირების საკითხი, რომლითაც ესთეტიკური პროცედურები ტარდება.
"ძალიან დიდი სირთულეა პრეპარატებთან მიმართებაში. სიმართლე გითხრათ, ამ ეტაპზე არ კონტროლდება ეს მიმართულება. ნელ-ნელა დაიწყო ბოტოლინოტოქსინის სერტიფიცირება და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეგულირება, აღნიშნული დარეგისტრირდა როგორც სამედიცინო პრეპარატი, მაგრამ სხვა დანარჩენი, როგორიც არის მაგალითად მეზოთერაპიული პრეპარატები, ფილერები და სხვები, ვისაც როგორ უნდა და რა უნდა, ისე შემოაქვს. აღნიშნული გარკვეულწილად აისახება პაციენტებზე და ცხადია, ზრდის გართულებებისა და ჯანმრთელობის რისკებს", - ამბობს შარაშენიძე.
საქართველოს ესთეტიკის ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საჭიროა ესთეტიკური მიმართულებით ქვეყანაში საქმიანობის რეგულირება და კანონის ჩარჩოებში მოქცევა. მისი თქმით, ამ საკითხზე წლებია შესაბამის უწყებებთან მუშაობენ, თუმცა უშედეგოდ.
"ყველაზე მთავარი არის რეგულაციები, რისი მოწესრიგებაც თავისთავად დაარეგულირებს სხვა დანარჩენ პრობლემებს და სექტორში არსებულ გამოწვევებს. პაციენტის უსაფრთხოების საკითხი უნდა იყოს პრიორიტეტული. ექიმის მთავარი პრინციპია, რომ არ ავნოს პაციენტს და ეს "არ ავნო" ვერ იქნება გათვალისწინებული, თუ იმ ექიმს არ აქვს განათლება, ცოდნა და გამოცდილება და არ იცის ადამიანების ფიზიოლოგია, ანატომია და ა.შ", - აცხადებს თამუნა შარაშენიძე.