თბილისი-წითელი ხიდის მაგისტრალის რუსთავის ავტობაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან ნიკო ლომოურის ქუჩის კვეთამდე არსებული ნახევარ კილომეტრიანი მონაკვეთი ფაქტობრივად სრულად დაზიანებულია.
აღნიშნულ გზაზე საფარი საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რამდენჯერმე გამოცვალა და ყველა შემთხვევაში დროის მცირე მონაკვეთში დაზიანდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" არაერთმა რუსთაველმა და მძღოლმა მიმართა პრობლემის გაშუქების მიზნით. ყოველდღიურად გადაადგილება ამ გზაზე მათთვის არამხოლოდ დისკომფორტს წარმოადგენს, არამედ ფინანსურადაც აზარალებთ, რადგან ავტომობილების დაზიანების შემთხვევებიც ჰქონიათ.
გარდა ამისა, აღნიშნული მონაკვეთი მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის მარშრუტის შემადგენელი ნაწილია და გამოცდის ჩაბარებას უფრო ართულებს.
ჩვენ დავუკავშირდით საავტომობილო გზების დეპარტამენტს კითხვებით, რატომ ზიანდება ასე ხშირად გზის ეს მონაკვეთი, ხომ არ აქვს ადგილი კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას, ასევე, როდის მოხდება დაზიანებული მონაკვეთების შეკეთება.
დეპარტამენტში გვიპასუხეს, რომ: "ამ ეტაპზე სადრენაჟო სისტემების მოწყობა მიმდინარეობს და საგზაო სამუშაოების დაწყებაც, გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში, უახლოეს დღეებში არის დაგეგმილი.აღნიშნული გზის ხშირად დაზიანება უკავშირდება გრუნტის წყლების პრობლემას. კონტრაქტორი კომპანია ჯეროვნად ასრულებს სამუშაოებს".