დაკავებისას მესაზღვრეს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენეს

2025-06-17 11:19:44

საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს და წერს, რომ ორმა დაკავებულმა მესაზღვრეებს წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც, ერთ-ერთმა მათგანმა მესაზღვრეს სხეულზე დანის გამოყენებით დაზიანება მიაყენა.

დაშავებულ მესაზღვრეს სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისა და პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ს.ქ.; საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 1994 წელს დაბადებული დ.ი.;

ხოლო საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში დახმარების ფაქტებზე დაკავებული არიან: 2001 წელს დაბადებული ე.ბ., 2002 წელს დაბადებული მ.ჩ. და 2002 წელს დაბადებული ა.ა.

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულებმა ე.ბ.-მ, მ.ჩ.-მ და ა.ა.-მ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მიზნით ს.ქ.-ს და დ.ი.-ს დახმარება გაუწიეს.
ბრალდებულები ს.ქ. და დ.ი. სექტორ "ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობისას, მესაზღვრეების მიერ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილნენ, წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც ს.ქ.-მ ერთ-ერთ მესაზღვრეს ცივი იარაღით სხეულზე დაზიანება მიაყენა. აღნიშნულის შემდეგ, ორივე მათგანმა მიმალვა სცადა, თუმცა, მესაზღვრეებმა ისინი მალევე დააკავეს. სამართალდამცველებმა, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაშავებულ მესაზღვრეს სამედიცინო დახმარება გაეწია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნტქით; 353-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 25-19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს" | ვკითხულობთ განცხადებაში.