აქვს თუ არა "ჯივიპი რუსთავს" ხრამის სათავე ნაგებობაზე ელექტრო გენერატორი

2025-06-15 14:51:13

რუსთავში ბოლო 10 დღის განმავლობაში წყლის მიწოდება მთელ ქალაქს სამჯერ შეუწყდა.

წყლის წყვეტა რამდენიმე საათიანი იყო და სამივე შემთხვევაში, როგორც კომპანია "ჯივიპი რუსთავის" მიერ გავრცელებულ განცხადებებში იყო ნათქვამი, წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ხრამის სათავე ნაგებობაზე ელექტრო ენერგიის გათიშვა გახდა.

წყლის წყვეტას რუსთაველების მხრიდან ყოველთვის დიდი უკმაყოფილება და აგრესია მოჰყვება, განსაკუთრებით თუ წყვეტა ასეთი მასშტაბურია. სოციალურ ქსელებში მოქალაქეები ითხოვენ, კომპანიის მხრიდან მოხდეს განმარტება, აქვს თუ არა და თუ არა, მაშინ რატომ, ხრამის სათავე ნაგებობას ელექტრო ენერგიის გათიშვის შემდეგ დენის მიწოდების ალტერნატიული წყარო, მაგალითად ელექტრო გენერატორი.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაუკავშირდა "ჯივიპი რუსთავს" ამ კითხვით, სადაც განგვიცხადეს, რომ ტურბო-აგრეგატების ფუნქციონირებისთვის, რომელთა დახმარებითაც ხრამის სათავე ნაგებობაზე წყალს მოიპოვებენ, საჭიროა დიდი სიმძლავრის ენერგია, საუბარია მინიმუმ 2000 კილოვატზე.

კომპანიაში ამბობენ, რომ ამ სიმძლავრის ხელოვნური გენერატორის მოწყობა ფიზიკურად შეუძლებელია, ალტერნატიული დენის მიწოდება კი ენერგო სისტემის მხრიდან რუსთავში შეუძლებელი და ხელმიუწვდომელია.

"ხრამის სათავე ნაგებობაზე წყლის მოპოვება ხდება ტუმბო-აგრეგატების მეშვეობით. თვითდენით არ ხდება, როგორც სხვა სატუმბო სადგურებზე, ამიტომ აუცილებელია ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფა. ტურბო-აგრეგატებს, რომლებიც ხრამის სათავე ნაგებობაზე ფუნქციონირებს, მინიმუმ 2000 კილოვატი ენერგია სჭირდება. ამ სიმძლავრის ხელოვნური გენერატორის მოწყობა შეუძლებელია. სხვა შემთხვევაში არის ხოლმე ალტერნატიული კვება თავად ენერგო სისტემის მხრიდან, რომელიც რუსთავში შეუძლებელია და ხელმიუწვდომელია. ამიტომ ერთადერთი ელექტრო ენერგიის წყარო გვაქვს, რითაც იკვებება სატუმბო სადგური.

იმდენად დიდი ელექტრო ენერგიის წყარო სჭირდება, რომ ამის გენერაცია ხელოვნურად და მიწოდება შეუძლებელია.

როცა ელექტრო ენერგია ითიშება და ტუმბო-აგრეგატები ჩერდება, წყდება წყლის ამოქაჩვა, როდესაც წყლის ამოქაჩვა ჩერდება რეზერვუარების წყლის დონეც იკლებს, რადგან წყლის მოხმარება მაღალია, რეზერვუარები თუ არ შეივსო, წყლის მიწოდება ქალაქისთვის ვერ ხდება. როდესაც ელექტრო ენერგია ჩაირთვება იქიდან კიდევ 3 საათია საჭირო, რომ რეზერვუარი შეივსოს, რის შემდეგაც კიდევ 2 საათია საჭირო, რომ წყალი ქალაქამდე მივიტანოთ, ტრანსპორტირებასაც დრო სჭირდება.

გუშინ დენი გაითიშა 18:20საათზე და ელ. ენერგიის მიწოდება აღდგა 02:00 საათზე, ძალიან დიდ ხნიანი გათიშვა იყო და დენი მოსვლის შემდეგ როცა ავამუშავეთ ტუმბო-აგრეგატები რა დროც დასჭირდა იმის მიხედვით მოხდა წყლით უზრუნველყოფა",- განგვიცხადეს კომპანიაში.

კომპანიაში ამბობენ, რომ 5 ივნის, როდესაც წყლის მასშტაბური წყვეტა იყო, ხრამის სათავე ნაგებობაზე ელ. ენერგია 03:00 საათზე გაითისა და მისი მიწოდება 10 საათის შემდეგ აღდგა, ხოლო 13 ივნისს კი სათავე ნაგებობას დენი 2 საათით გაეთიშა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები