რუსთვაში, რუსთაველის ქუჩის N22-ის მცხოვრებლების თქმით, სამეზობლოს მიერ საცხოვრებელ კორპუსთან მოწყობილ შლაგბაუმს, დემონტაჟი ემუქრება. [ვიდეო/video]
კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები, საკითხით დაინტერესებისა და დახმარების თხოვნით, რუსთავის საკრებულოს სხდომაზე იმყოფებოდა. როგორც მოქალაქემ განაცხადა, შლაგბაუმის გამო სამეზობლოსთან დავა კერძო სტომატოლოგიურ კლინიკას აქვს და კონსტრუქციის დემონტაჟსაც ამავე ბიზნესის მფლობელი ითხოვს.
"შლაგბაუმი დავაყენეთ ჩვენი ეზოს შემოსასვლელში, უსაფრთხოების მიზნით. ხშირად იყო მანქანების ისეთი მოძრაობა, რომ ბავშვებს უქმნიდა საფრთხეს. გვიჩივლა სტომატოლოგიურმა კლინიკამ, რომელსაც რეალურად არ ექმნება პრობლემა, რომ ბიზნესი აწარმოოს. ჩვენ დაგვემუქრნენ, რომ შლაგბაუმის დემონტაჟი მოხდებოდა, მაშინ, როდესაც რუსთავის ძალიან ბევრ უბანში არის შლაგბაუმი მოწყობილი. როგორც გავიგეთ, უკანონოდ, რადგან ამ კონსტრუქციის მოწყობაზე რაიმე სახის ნებართვა არ გაიცემა.
ჩვენივე ფინანსებით მოვაწყეთ შლაგბაუმი და საკმაოდ სოლიდური თანხაც დაჯდა, ამიტომ მისი დემონტაჟი რთული იქნება იქ მცხოვრები 24 ოჯახისთვის. გვქონდა კომუნიკაციის მცდელობა სტომატოლოგიურ კლინიკასთან, მაგრამ არცერთ მომენტში რეალური პრობლემა არ უთქვამთ, გარდა იმისა, რომ ექმნებათ შეფერხება ბიზნესის წარმებაში, რაც არის ტყუილი. სრული ადგილია დარჩენილი იმისთვის, რომ მანქანა მოვიდეს, გააჩეროს, შევიდეს მომხმარებელი სტომატოლოგიურში, მოვიდეს სადისტრიბუციო ავტომობილი, გააჩეროს და კლინიკაში შეიტანონ თავიანთი სამედიცინო საშუალებები.
ზედამხედველობის სამსახური მოვიდა ადგილზე და გვითხრეს, რომ 2 დღეში თუ არ აიღებთ, მოხდება ამისი დემონტაჟი. 2 დღე კი გავიდა, მაგრამ ყოველდღიურად ვერ ვიქნებით იმის მოლოდინში, რომ შეიძლება ვიღაცამ დემონტაჟი გააკეთოს ისე, რომ არ გაგვაფრთხილონ", - აცხადებს ანა კიკაბიძე.
კლინიკის მფლობელის, ნინო ჩადუნელის თქმით, შლაგბაუმი ტერიტორიაზე მასთან შეთანხმების გარეშე დამონტაჟდა და ხელს უშლის ბიზნესის წარმოებაში.
"22 ნომერს აქვს ეზო, რომელიც იწყება მარჯვენა მხრიდან და არა აქედან. ეს არის თავისუფალი სივრცე. შლაგბაუმის დაყენებისთვის აუცილებელი იყო ჩემი ინფორმირებულობა და თანხმობა, რაღაც წინადადებით მაინც, რომ როგორმე შევჯერებულიყავით, მაგრამ მსგვასი რამ არ მოხდა.
პატრულიც მყავდა გამოძახბული რამდენჯერმე და განვაცხადე, რომ ეს შლაგბაუმი არის უკანონო და დააყენეს ჩუმად. რაც ეს განვაცხადე, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა, მათი მხრიდან ყველაფერი იყო და ეს უბრალოდ ყველანაირ საზღვრებს გასცდა.
ძალიან წინააღმდეგი ვარ, ხელს მიშლის. პრობლემები იქმნება აქ ტრანსპორტის შემოსვლაზე, გასვლაზე, რუსთაველის ქუჩას კეტავენ, უკანა მხრიდან გადიან, ვერ ხერხდება ვერანაირი დისტრიბუცია. ნარჩენების გადაყრისთვის მოდის ჩემთან სამედიცინო კომპანია, ნარჩენები გააქვთ ყოველდღიურად და იმათაც ხელი ეშლებათ უზარმაზარი მანქანით მოძრაობაში. შემოდიოდნენ წყნარად, აყენებდნენ ჩვენს გაყოლებაზე, ეხლა ამის შესაძლებლობა აღარ არის, უშველებელი მიკროავტობუსი შემოდის და მერე უკან გადის. მეზობლები რომ ამბობენ, მანქანები შემოდიან აქ და ჩვენს ეზოს იყენებენ, ასე ხდება ყველგან, მთელს საქართველოში", - აცხადებს მეპატრონე.
რუსთავის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის, ბაჩო ხაჩიძის ინფორმაციით, რუსთავის მერია აღნიშნულ შემაფერხებელს დემონტაჟს ჩაუტარებს.
"რუსთაველის N20-სა და N22-ს შორის განთავსებული შლაგბაუმი არის საერთო სარგებლობის გზაზე. საჩივარი არის შემოსული რუსთაველის N20, ვინაიდან მოხდა გზის ჩაკეტვა მოსახლეობის მხრიდან, ასევე ხელს უშლის როგორც სახანძრო, ისე სასწრაფო უსაფრთხოებას. რაც შეეხება განთავსების წესს, ზოგადად ეგ წესი არ არსებობს. ვმუშაობთ მაგ საკითხზე და ძალიან მალე გვექნება. თუ კორპუსი გამიჯნულია და ამხანაგობა 100%-ით თანახმაა განთავსდეს შლაგბაუმი, იმ შემთხვევაში აკეთებენ კიდეც. საჩივრის შემთხვევაში, არა მარტო რუსთაველის N22-ში, არამედ ნებისმიერ ადგილას მოხდება კანონის შესაბამისი მოქმედებები", - აცხადებს ხაჩიძე.