ევროკავშირი საქართველოსთვის

2025-05-31 13:56:32

"ძმათა შორის ბრძოლა იყო

მტრობას ჰქონდა ადგილი

იქ მშვიდობას ამყარებდა

მხოლოდ ქალის მანდილი",  - ეს ამონარიდია 75 წლის ეთერ მუჯირიშვილის ლექსიდან, რომელიც მან დმანისის "დღის ცენტრში" დაწერა.

ბავშვობის ოცნებები ხანდაზმულობაში აიხდინა, შეიძინა, როგორც თავად ამბობს, საიმედო მეგობრები და რაც მთავარია, უხარია ყოველი დილის გათენება, რადგან ახლა უკვე დღეები ერთმანეთს აღარ ჰგავს. ის მხოლოდ დიასახლისი, რომელიც რუტინულად ერთსადაიმავე საოჯახო საქმეებს აკეთებს, აღარაა. ახალი და სასიცოცხლოდ აუცილებელი აზრი, რომელიც მის არსებობას მიეცა, ალბათ იმ დამალული შესაძლებლობების გამომზეურებიდან მოდის, რაზეც აქამდე ვერც კი იფიქრებდა, რომ ჰქონდა.

"ჩვენ არ გაძლევთ მხოლოდ ფულს, ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას განვითარებისთვის", - ამ პრინციპით იმუშავა CENN-ის და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა პროექტმა, "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის" საქართველოში.

და დიახ, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული და მოწყობილი "დღის ცენტრის" ბენეფიციარი გახლავთ ეთერი. ცენტრის, რომელის მთავარი საზრუნავიც, ამ მუნიციპალიტეტში მცხოვრები 70 მოხუცებულისთვის ცხოვრების გალამაზებაა.

 

"ეს ცენტრი 3 წელია არსებობს. მე გასული წლის თებერვლიდან შემოვუერთდი. სოფელ ვარდისუბნიდან ვარ, იქიდან დავდივარ. იქ იყვნენ ჩამოსულები აქედან მოსამსახურე პერსონალი და გვითხრეს ამ პროექტის შესახებ ყველაფერი. ჩემი სოფლიდან ორნი ვართ.

ამ სიბერეში მსახიობებიც გავხდით, მომღერლებიც და მოცეკვავეებიც. ზოგს ეს სურვილები ბავშვობიდან გვქონდა და ისე აღმოჩნდა, რომ ამ ცენტრმა აგვისრულა ბავშვობის სურვილები. ჩვენმა კოლექტივმა მუსიკალური ჯგუფიც შევქმენით, რეგიონის სოფლებში დავდივართ და ვმართავთ კონცერტებს. სიმღერები გაგვაქვს, სკეტჩები გაგვაქვს, თოჯინების თეატრი გაგვაქვს.

აქ ისეთი ადამიანები დადიან, ერთმანეთს ვავსებთ. ვისაც რა შეუძლია და რაშიც აქვს ძლიერი მხარე, სწორედ იმ უნარების გამომზიურება ხდება აქ და ერთმანეთსაც ზუსტად ასე ვავსებთ.

ექსპრომტად, აქ მოსიარულე ყველა ამხანაგზე შემიძლია ლექსი დავწერო. ადამიანებში დადებით თვისებებს ვეძებ, ამაზე მერე ლექსს ვაშენებ და ვუძღვნი, ასე ვახარებ მეგობრებს.

აქ ყოველ დღე დავდივართ შაბათ-კვირის გარდა. ჩვენ ოჯახის საქმეებიც გვაქვს, ბუნებრივია. საკარმიდამო ნაკვეთებს ვუვლით. შეიძლება ვინმეს უჭირდეს თავისი მიწის მოვლა, შეგვიძლია წავიდეთ და ერთდროულად დავეხმაროთ. ეს უდიდესი ძალაა. შევიძინე ძალიან გულითადი მეგობრები, რომლებსაც ვანდობ ყველა ჩემს საიდუმლოს და ვუყურებ ისე, როგორც ჩემი ოჯახის წევრებს.

მოვდივართ, ჭადრაკს, დომინოს ვთამაშობთ, გვაქვს ათასნაირი სხვა გასართობიც. ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს სამომავლო გეგმებს, რას ვაპირებთ, რა დავთესეთ, რა მოვიყვანეთ, რას მოვუარეთ. გვიტარდება სამედიცინო დახმარებაც, ექთანიც გვემსახურება, წამლებს გვაძლევენ უფასოდ. გვყავს ძალიან კარგი ექიმი. 

ახალგაზრდები კომპიუტერს გვასწავლიან, გვასწავლეს ტელეფონის ყველა ფუნქცია. ჩვენ ხომ არ ვართ იმდენად გათვითცნობიერებულები თანამედროვე ტექნიკაში და ისინი გვიზიარებენ თავიანთ ცოდნას.

მოგეხსენებათ, ამ ორგანიზაციას აფინანსებს ავსტრია, მაგრამ დღესდღეობით ეს დაფინანსება შეწყვეტილია, გარკვეული მიზეზების გამო. მანამდე, მთელი წლის განმავლობაში, ექსკურსიები ტარდებოდა, უფასოდ დავყავდით მთელი საქართველოს მასშტაბით. ბოლნისის რაიონში ყველა ეკლესია მოვინახულეთ, შესანიშნავი ისტორიული ძეგლები ვნახეთ. ამ ასაკში რაც არ მქონდა ნანახი, ეხლა ვნახე. დაფინანსების პრობლემოს გამო, ინგლისური ენის გაკვეთილებიც მოგვაკლდა, მასწავლებელი დადიოდა ჩვენთან, სხვათაშორის სამეტყველო ცოტა-ცოტა ვისწავლეთ კიდეც. 

ყველა მოველით ხანდაზმულობის ასაკს, ყველა დაბერდება. და თურმე რაც არ შეგიძლია ასაკის გამო, რაზეც გაქვს ნაკლები წვდომა, ძალიან გჭირდება, რომ შეივსო. ცხოვრების სტიმულს მაძლევს აქაურბა, ხალისს არ ვკარგავ, ყოველი დილის გათენება მიხარია. გვინდა ეს ასე გაგრძელდეს და რაც შეიძლება მეტ მოხუცს ჰქონდეს ამისი საშუალება".

"მხარდაჭერის სახლის" დმანისის ფილიალი ამ ქალაქისთვის მომავლის პროექტად ითვლება. ცენტრი 2021 წელს გაიხსნა და როგორც 60+ ასაკის ადამიანებს, ისე ახალგაზრდებსაც მასპინძლობს.

"დღის ცენტრის" პროგრამის მთავარი მიზანია, ხანდაზმულებმა დრო შინაარსიანად გაატარონ - ითამაშონ სამაგიდე თამაშები, მონაწილეობა მიიღონ თოჯინების თეატრის სპექტაკლებში, თავადაც იარონ დადგმებზე სხვადასხვა თეატრში, შეასრულონ მუსიკალური ნომრები, ცეკვისა და სიმღერის წრეებზე იარონ, იასპარეზონ სპორტულ ღონისძიებებში, ითამაშონ ჭადრაკი და ნარდი. დაკავდნენ ხელსაქმით, შემდეგ კი ნაკეთობები გამოფენებზე გაიტანონ და გაყიდონ.

"რაც მე ყველაზე მეტად მომწონს, მათ ისწავლეს ერთმანეთზე ზრუნვა. როდესაც რაიმე პრობლემა ჩნდება, ყველა ერთისათვის და ერთი ყველასათვის, ამ დევიზით ვართ. თუკი ვინმე არ მოვა ცენტრში დიდხანს, სატელეფონო კავშირებით კითხულობენ ერთმანეთს, რაც ძალიან მაბედნიერებს. აქ ასევე ხშირად ნახავთ ერთმანეთის დაბადების დღეების აღნიშვნას. სიურპრიზებს უკეთებენ მეგობრებს და ამით ძალიან ხარობენ. რომ  არა ავსტრიის ორგანიზაცია და რომ არა მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა, ეს ცენტრი არ იქნებოდა დღეს. ვერ წარმოიდგენთ, როგორი მადლობელია დმანისის ყველა მოქალაქე, თითოეული იმ  ორგანიზაციის და პიროვნების, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ ცენტრის გახსნაში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს რაიონისთვის", - ამბობს ეკა ოქრიაშვილი, "მხარდაჭერის სახლის" დმანისის ფილიალის მენეჯერი.

"დღის ცენტრში" იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია "თანხმობა" ახორციელებს პტოექტს "თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი".

აქ შეხვდებით ბავშვებს, რომლებიც ახლა თავად არიან საკუთარი სკოლის პედაგოგებისთვის მასწავლებლები. ასწავლიან ყველაფერს, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების ხანაში ასე საჭიროა.

პროექტის მიზანია თაობათაშორისი ურთიერთმხარდაჭერის სოციალური სერვისის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებსა და სოციალურად დაუცველ მოზარდებს მათი სოციალიზაციის, ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებაში.

პროექტმა ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებაზე და მათი ტექნოლოგიური უნარ - ჩვევების გაძლიერებაზე მორგებული აქტივობებით აიღო სტარტი. 

საგანმანათლებლო პროცესი სამი მიმართულებით მიმდინარეობდა:

· ხანდაზმული პედაგოგები დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებს ეხმარებოდნენ სკოლის ჰუმანიტარულ და ტექნიკური საგნების სკოლის დავალებების მომზადებაში. 

· ინგლისური ენის გაკვეთილებს "დმანისის სათნოების სახლის" ბენეფიციარები და დმანისის მხარდაჭერის სახლის ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარები ესწრებოდნენ კვირაში 3-ჯერ, 1 საათის განმავლობაში.

· მოზარდებსა და ახალგაზრდებში ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების გაძლიერების მიზნით 10-მა მოზარდმა,
მოხალისე ახალგაზრდების დახმარებით შეისწავლეს ქოუდინგი, Codemonkey-ს პროგრამის გამოყენებით. კომპიუტერული უნარების გაძლიერების პროგრამა მოიაზრებდა ხანდაზმულ ბენეფიციარებსაც, რომლებმაც ასევე შეისწავლეს საბაზისო ოპერაციების შესრულება.

"ვორდის გახსნა, დოკუმენტის გამოყენება, ფეისბუქის აპლიკაციის ფუნქციების შესწავლა - ბევრი რამ აინტერესებთ ხანდაზმულებს", - გვიყვებიან პროექტში ჩართული ბავშვები.

ევროკავშირის დონორობით განხორციელებული პროექტის, რომელზეც ახლა ჩვენ გიყვებით, ძირითადი მიმართულებებია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება, მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე, ადგილობრივი ინიციატივების ფინანსური მხარდაჭერა სოციალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით.

მუნიციპალიტეტებში აქტიურად საუბრობენ იმ შედეგებზე, რაც განხორციელებულმა პროექტმა თემს მოუტანა. გაძლიერებულია სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები და გაუმჯობესებულია სოციალური სერვისების ხარისხი და ხელმისაწვდომობა. სამოქალაქო საზოგადოება ეფექტიანად უწევს ადვოკატირებას მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

შექმნილია სათემო მექანიზმები, რომლებიც აუმჯობესებს ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას და ხელს უწყობს პოსტ-პანდემიური გამოწვევების საპასუხო სოციალური სერვისების
მონაწილეობრივ განვითარებას.

ფინანსური მხარდაჭერის გზით, ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობები განვითარებულია სოციალური სერვისების განვითარებისა და შექმნის მიმართულებით.

პროექტი ეფუძნება ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება, ხელს უწყობს საზოგადოების თვითგანვითარებას და მხარს უჭერს სახელმწიფოს, როგორც სოციალური მომსახურების მთავარი მიმწოდებელს.

ჯამში ქვემო ქართლში დაფინანსდა 6 პროექტი:

თეთრიწყაროს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ცენტრი (თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი);
ახალგაზრდების ჩართულობა სოციალური სერვისების გაუმჯობესებაში (გარდაბნის მუნიციპალიტეტი);
ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი სსმ ბავშვების ცხოვრების ხარისხის
გაუმჯობესება, მათთვის საჭირო სერვისებზე ხელმისაწვდომების გაზრდის გზით;
ოჯახში მარტოდ მცხოვრები და შშმ ბავშვების მშობლების/მზრუნველების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება (წალკის მუნიციპალიტეტი);
დღის ცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტში (დმანისის მუნიციპალიტეტი);
თაობებს შორის ტექნოლოგიური ხიდი (დმანისის მუნიციპალიტეტი).

ახლა კი გიამბობთ კიდევ ერთ "დღის ცენტრზე" დმანისის მუნიციპალიტეტში, რომლიც ამჯერად საზოგადოების სხვა ჯგუფებზეა მორგებული. განმახორციელებელი გახლავთ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება".

პროექტის მიზანია, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ დმანისში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და სოციალურად დაუცველი, შშმ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საბაზო სოციალურ სერვისზე ხელმისაწვდომობის ზრდა. პროექტმა კონკრეტული ამოცანა შეასრულა, დმანისის ისტორიაში პირველი დღის ცენტრი დააფუძნა და დღის ცენტრის სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდა 6-დან 18 წლის ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის შესაძლებელი გახადა.

პრეოქტის ფარგლებში, ორგანიზაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაეცა 180 კვადრატული მეტრის მოცულობის შენობა, რომელიც გარემონტდა და მზადაა დღის ცენტრის სრული ფუნქციონირებისთვის. გარდა რემონტისა, დღის ცენტრისთვის შეძენილ იქნა ინვენტარი და ავეჯი. პროექტის ფარგლებში, ასევე შეირჩა და გადამზადდა დღის ცენტში მუშაობისთვის შესაბამისი პერსონალი და სპეციალისტები.

დღის ცენტრში ბავშვების ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია. მათ შეუძლიათ მთელი დღე ცენტრის სივრცეში დაჰყონ. უზრუნველყოფილნი არიან კვებით, უტარდებათ სხვადასხვა თერაპია და დროს ატარებენ სპეც. მასწავლებლების მხარდაჭერით. ცენტრს ჰყავს ადრეული განვითარების სპეციალისტი და მალე ეყოლება ქცევითი თერაპევტიც. დღის ცენტრი სრულად აკმაყოფილებს ჯანდაცვის პროგრამის სტანდარტს.

"ეს იქნება ძალიან კარგი, რომ აქ დღის განმავლობაში მშობლებს ექნებათ საშუალება, უსაფრთხოდ, ძალიან კარგ გარემოში შვილები დატოვონ. ეს დიდი მხარდაჭერაა. აქ მიიღებენ ისინი როგორც აკადემიურ უნარებში განვითარებას, ასევე გაივლიან სოციალიზაციას, ურთეუურთობებს ისწავლიან.

ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ კარგად მოგეხსენებათ, გარკვეული შეფერხების ბავშვები არიან უფროდაუფრო მეტნი. ცენტრთან მოწყვეტილია ბევრი ადამიანი და ყველას არ მიუწვდება ხელი, რომ ბავშვი თბილისში წაიყვანოს. ძალიან შორეული სოფლებია, მთის სოფლები და აქვე, ამ მუნიციპალიტეტში გახდება მათთვის სერვისები ხელმისაწვდომი. სამომავლოდ რესურსიც გაძლიერდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კუთხითაც და გამოცდილების მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტდება. როგორც იცით, რაიონი ორენოვანია და აზერბაიჯანულ კონტიგენტს ძალიან უნდა, რომ თავის ენაზე მიიღოს მომსახურება სპეციალისტებისგან. ამას ჩვენ ეტაპობრივად ვცდილობთ. ახლო მომავალში, ვფიქრობ, აღარ დასჭირდებათ მშობლებს ამხელა გზაზე სიარული. როდესაც ბავშვს ასეთი პრობლემა აქვს, მისთვის ტრანსპორტირებაც რთული ხდება რიგ შემთხვევებში და მის ნერვულ სისტემასაც გამოცდას უწყობს. სტარტი ავიღეთ, რაც მთავარია, იმედიანად ვარ, ძალიან მომწონს ეს ყველაფერი", - ამბობს ფსიქოლოგი, მარიამ დევნოზაშვილი.

ასევე უმნიშვნელოვანესი და შეიძლება ითქვას, უპრეცენდენტო პროექტია რეგიონისთვის "თეთრიწყაროს ბავშვთა ადრეული განვითარებისმხელშეწყობის ცენტრი".

ცენტრის მიზანია ჰარმონიული, ფსიქიკური და ფიზიკური განვითარების ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული 0-7 წლის ასაკის ბავშვებისათვის, ადრეული განვითარების მხარდამჭერი სერვისის შექმნითა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდით.

ცენტრის მომსახურების მომწოდებლად რეგისტრაციის პროცესშია. სამომავლოდ კი, მთლიანად სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდება.

ის გააუმჯობესებს როგორც ბავშვების ცხოვრების ხარისხს, ასევე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ასეთი საჭიროებების მქონე პატარების მშობლების ყოფაზე.

განვითარების ეტაპების დარღვევების დროული იდენტიფიცირება მუნიციპალიტეტის 16 ბაღში მიმდინარეობს, შემდეგ ეტაპზე კი ბენეფიციარების მუნიციპალურ პროგრამაში ჩართვა ხდება.

პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს LAG-მა, პატნიორ ორგანიზაციასთან ერთად, სივრცისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკის, სათამაშოებისა და ავეჯის შეძენა შეძლო. ცენტრის თანამშრომლებმა გაიარეს სკრინინგ ინსტრუმენტის გამოყენების, ქცევის გამოყენებითი ანალიზისა და ინტერვენციონისტის გადამზადების კურსები.

რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩატარდა საინფორმაციო/საგანმანათლებლო ჯგუფური შეხვედრები მშობლებთან. ბაღის აღმზრდელები და მედ. პერსონალი კი გადამზადდა სკრინინგ-ინსტრუმენტის მნიშვნელობისა და მისი გამოყენების, ასევე, მშობლებთან ბავშვის საჭიროებების კომუნიკაციის შესახებ.

"ცენტრი გათვლილია 0-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის. ძირითადად, 0-დან 3-წლამდე ხდება შინ ინტერვენციონისტის ჩართვა. ეს არ არის მხოლოდ შშმ ბავშვებისთვის, ეს არის ადრეული განვითარების შეფერხების მქონე პატარების მხარდაჭერის პროგრამა. ახლა თეთრიწყაროს ყველა ბაღში მიმდინარეობს სკრინინგის პროცესი და იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება საჭიროება რომელიმე ბავშვთან ინტერვენციონისტის დახმარების, შეუმუშავდება ინდივიდუალური განვითარების გეგმა და ამ გეგმის მიხედვით, დადგინდება სამუშაო გრაფიკი. ის რვა ვიზიტი, რომელიც განკუთვნილია თვეში თითოეული ბავშვისთვის, გადაწყდება, ინტერვენცია მოხდება სახლში, ბაღში, სადაც ბავშვი სწავლობს თუ ცენტრში.

ცენტრი საწყის ეტაპზე გათვლილია 20 ბავშვზე. მთავარი, რაც გავაკეთეთ ამ პროექტის ფარგლებში, არის ის, რომ მოვაწყეთ სივრცე, ასევე გადავმზადეთ სპეციალისტები. უკვე მიმდინარეობს დოკუმენტაციის მოწესრიგება და ყველა საჭირო ნებართვის მიღება. სწორედ ამ პროცესში ვართ და იმედია, უახლოეს პერიოდში გვექნება ოფიციალური თანხმობა იმისა, რომ ცენტრი ამუშავდეს.

ეს ობიექტი იქნება ადრეული განვითარების პროგრამის განმახორციელებელი ლოკალურ დონეზე და აღარ მოვახდენთ იდენტიფიცირებული ბაშვების გადამისამართებას მეზობელ მუნიციპალიტეტებში, ძირითდად თბილისში, რაც ხარჯებთან და დიდ შეფერხებებთან არის დაკავშირებული. სამომავლოდ, შესაძლებელი იქნება, რომ ცენტრი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

სპეციალისტები ხელს შეუწყობენ ბავშვების ინტეგრაციას როგორც სახლში მშობლებთან, ასევე თანატოლებთან და მთლიანად საზოგადოებასთან. მოტორიკული ფუნქციების, კოგნიტური უნარების განვითარებაზე იქნება ცენტრი ორიენტირებული. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ბავშვთან დროულად მოხდეს იმ განვითარების შეფერხების აღმოფხვრა, რომელიც დადგინდა. დროული იდენტიფიცირებით, შესაძლებელია, ძალიან მოკლე ვადებში ბავშვი სტანდარტულ განვითარების დონეს დაეწიოს", - აცხადებს ცენტრის მენეჯერი, ნინო ტიკურიშვილი.