მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს ეხმაურება.
ეპისკოპოსი განცხადებას ფეისბუქის პირად გვერდზე ავრცელებს და ამბობს, რომ მას ესმის სახელმწიფო ინსტიტუციების ღირსების დაცვის მნიშვნელობაც და არც მზია ამაღლობელის პოლიტიკურ შეხედულებებს არ იზიარებს, თუმცა სასჯელის ის ზომა, რაც მას ემუქრება, შეუსაბამოდ მიაჩნია.
"შეუძლებელია არ გამოვეხმაურო მზია ამაღლობელის მიმდინარე სასამართლო პროცესს. ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნუთუ ყოველი ჩვენგანი დედის ნაშობნი არა ვართ?! ქალის კულტი ხომ ჩვენ ერში ოდითგანვე განსაკუთრებული როლით და პატივისცემით სარგებლობდა. დაზარალებულმა სასამართლოზე განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და ამ კანონით ქალს სილის გაწვნისთვის 4 - დან 7 წლამდე პატიმრობისთვის იმეტებს.
მე მესმის, რომ სახელმწიფო ინსტიტუციებზე ხელის აღმართვა ყოვლად დაუშვებელია და მას ყოველთვის უნდა მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება,თუმცა შეუსაბამოდ მიმაჩნია მსგავსი სიმძიმის სასჯელი, მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც მღვდელმთავარი და ამავდროულად რიგითი მოქალაქე, ამ ქალბატონის პოლიტიკურ შეხედულებებს არ ვიზიარებ.
ჩემო ქრისტესმიერო ძმაო და შვილო, განა შენ არ გაგზარდა ქართველმა დედამ, გყავს და ან მეუღლე, განა უცხოა შენთვის მორალური კანონები - შენდობა და პატიება, რომელიც ხშირად აღემატება დაწერილ კანონებს.
"რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ, და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ.
მიუტევეთ და მოგეტევებათ",- წერს ეპისკოპოსი.