იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით შეიცვლება საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი ბინადრობის, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ვიზუალი.
ამის შესახებ მინისტრის 10 მარტის ბრძანებაშია აღნიშნული.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ბრძანება ამოქმედდება 2025 წლის 4 ივნისიდან. რაც შეეხება ძველ მოწმობებს ანუ ახალი ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ მოწმობებს, ისინი იმოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით.
ბრძანების თანახმად, ახალ მოწმობაზე დაიტანება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა.
„მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს. მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია,“ - ნათქვამია იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში.
„მაგთი“ ზოგიერთ მობილურ ინტერნეტ-პაკეტს აძვირებს
კომპანია „მაგთიკომი“ ზოგიერთ ულიმიტო მობილურ ინტერნეტ-პაკეტს აძვირებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალი ტარიფები მიმდინარე წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება.
კომპანიის ცნობით, ტარიფის ცვლილება შეეხება კვირის და თვის ულიმიტო ინტერნეტ-პაკეტებს. ისინი შესაბამისად, ერთი და სამი ლარით გაძვირდება.
კერძოდ, ცვლილების შედეგად, 2025 წლის 1-ლი ივნისიდან:
„ულიმიტო ინტერნეტ-კვირა“ – 9 ლარიდან 10 ლარამდე იზრდება;
„ულიმიტო ინტერნეტ-თვე“– 32 ლარიდან 35 ლარამდე.
ამასთან, კომპანიაში აცხადებენ, რომ 1-ლი ივნისიდან შესაბამისი პაკეტის ავტომატური განახლებისას უკვე იმოქმედებს ახალი პირობები.
როგორც „ბიზნესპრენიუსს“ კომპანიის ცხელ ხაზზე განუცხადეს, ცვლილება ამ ეტაპზე, მხოლოდ მობილური ინტერნეტის აღნიშნულ პაკეტებს შეეხება.
ერევნიდან ბათუმისკენ სარკინიგზო რეისები დაიწყება - უქმდება ერევანი-თბილისის რეისი
ერევანი-ბათუმი-ერევანის სამგზავრო მატარებელი 14 ივნისიდან განახლდება. აღნიშნული მატარებლის მიმოსვლის შესახებ სს „საქართველოს რკინიგზამ“ ხელი მოაწერა შეთანხმებას სს „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“.
შეთანხმების თანახმად, მეზობელ ქვეყნებს შორის სამგზავრო მატარებლების რეისები დღეგამოშვებით, საქართველოში ზღვის საკურორტო სეზონის შესაბამისად 1-ელ ოქტომბრამდე შესრულდება.
ამასთან, სომხური გამოცემა News.am წერდა, რომ მატარებელი ერევნიდან თვის ლუწ რიცხვებში იმოძრავებს, ხოლო ბათუმიდან რეისები კენტ რიცხვებში შესრულდება. მგზავრობის დრო კი 16 საათი იქნება.
ამავე გამოცემის ცნობით, ერევანი-ბათუმი-ერევანის მარშრუტზე მატარებლების მოძრაობის პერიოდში ერევანი-თბილისის რეისი გაუქმდება.
იცვლება ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი - როგორი იქნება ახალი ვიზუალი?
ბიომეტრიული პასპორტის დიზაინი იცვლება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული. დოკუმენტით დგინდება საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის, ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტისა და ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის, აგრეთვე საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტისა და ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის ტექნიკური მახასიათებლები, ასევე ფორმები.
იუსტიციის მინისტრის ეს ბრძანება 4 ივნისიდან ამოქმედდება და შესაბამისად, ამ თარიღიდან მოქალაქეებს ახალი დიზაინის პასპორტის აღება მოუწევთ.
ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პასპორტის ბლანკი უნდა წარმოადგენდეს წიგნაკის სტანდარტულ ფორმატს, მომრგვალებული კუთხეებით, აგრეთვე, უნდა შედგებოდეს ყდის, მისი 2 შიდა გვერდის, 36 ქაღალდის გვერდისა და 1 ორ-გვერდიანი პოლიკარბონატით დამზადებული ელექტრონული ჩანართისგან (მონაცემთა ელექტრონული გვერდი).
გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გარე ყდის ფერი უნდა იყოს მუქი შინდისფერი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული დიპლომატიური პასპორტის – მუქი ლურჯი, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული სამსახურებრივი პასპორტის – შავი, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ბიომეტრიული სამგზავრო პასპორტის – ღია ლურჯი, ხოლო ლტოლვილის ბიომეტრიული სამგზავრო დოკუმენტის – ლურჯი და ა.შ.
ცვლილება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის წესებში
ავტოსადგურები სერტიფიცირებისთვის ემზადებიან. 1-ლი ივნისიდან ქვეყანაში არსებულ ყველა ავტოსადგურს კანონით დადგენილი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევს. „ბიზნესპრესნიუსს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 60-ზე მეტი ავტოსადგურია და თითოეული მათგანი ფუნქციონირებისთვის საჭირო სერტიფიცირების მიღებისთვის ემზადება.
ავტოსადგურს სერტიფიკატის მიღებისა და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურული მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება წარმოეშობა 2025 წლის 1-ლი ივნისიდან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ავტოსადგურს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგაც ექნება შესაძლებლობა, რომ სერტიფიკატი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსგან მიიღოს.
გარდა ამისა, ცვლილებებით დაგეგმილია, რომ 2025 წლის 1-ლი ივნისიდან 150 კმ-ის მანძილით დაშორებულ ქალაქებს შორის მგზავრების გადაყვანა მხოლოდ ავტობუსებით განხორციელდეს. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე ეს რეფორმა შეეხება რამდენიმე დიდ ქალაქს, ესენია: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი. შესაბამისად, ამ ქალაქებიდან მგზავრების გადაყვანა 150 კმ მანძილით დაშორებულ ტერიტორიებზე მხოლოდ ავტობუსებით უნდა განხორციელდეს.
თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ მძღოლები ამ რეგულაციის გადავადებას ითხოვენ და როგორც ცნობილია, მიდის მუშაობა სახელმწიფოსთან ამ თემაზე. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, ეს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გაირკვევა.
წყარო: bpn