პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 18 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 18 პირი.
დანაშაულები 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ავტომატები, პისტოლეტები, რევოლვერები, ხელყუმბარები, მჭიდები, დიდი ოდენობით ვაზნები და ხმის ჩამხშობი მაყუჩი. რამდენიმე დაკავებული პირისგან, პოლიციამ, ასევე, ნარკოტიკული საშუალებები „ალფა პვპ“ და „მარიხუანა“ ამოიღო.
გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 214-ე , 260-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.