იმ პირებისთვის, რომლებიც შემოსავლებს უცხოეთში იღებენ იპოთეკური კრედიტის აღებისას პირველადი შენატანის მოცულობა 30%-დან 20%-მდე მარტივდება.
შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს ეროვნულმა ბანკმა მიიღო და ის ქვეყანაში უძრავი ქონების სექტორის წახალისებას ისახავს მიზნად.
იმ პირებისთვის კი ვისაც საქართველოში აქვს შემოსავალი იპოთეკის აღების დროს პირველადი შენატანი აქამდე არსებული 15%-დან 10%-მდე უმცირდებათ. ეს გადაწყვეტილებაც სებ-მა დღეს მიიღო.
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით, 2025 წლის იანვარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპი წლიურ 10%-ზე დაბლა ჩამოვიდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა რეგულაციის შერბილება გადაწყვიტა. დავით უტიაშვილის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება იპოთეკურ დაკრედიტებას წაახალისებს.
"შედარებით სუსტი იყო იპოთეკური კრედიტების ზრდა და ის წლიურად 10%-ზე ნაკლები იყო იანვარში.ასევე შევაფასეთ რომ უძრავი ქონების ბაზარზე მშპ-ის ზრდის ნორმალიზების საპასუხოდ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ჩვენი ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რაც არის სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტი გავზარდოთ 85%-დან 90%-მდე. ეს ნიშნავს რომ მომხმარებელს მოუწევს სესხის აღების დროს ბინის ღირებულების 10% დადოს თავად და 90% ისესხოს, ვიდრე ეს იყო 15% და 85% ყოფილიყო ბანკის სესხი. ვფიქრობთ რომ ეს ხელს შეუწყობს უძრავი ქონების ბაზრის მდგრად აქტივობას და გაზრდის მოსახლეობისთვის სესხებზე ხელმისაწვდომობას,"- აღნიშნავს უტიაშვილი.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარში ქართულმა ბანკებმა სულ 246 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გასცეს, რაც წინა წელთან შედარებით მხოლოდ 4 მილიონი ლარით ანუ 2%-ით მეტია. რაც შეეხება ხელშეკრულებების რაოდენობას, იანვარში გაცემული იპოთეკების რაოდენობა მხოლოდ 3 ათასი იყო, შედარებისთვის 2024 წლის იანვარში გაცემული იპოთეკური კრედიტების რაოდენობა 3.3 ათასი იყო.
სებ-ის თანახმად, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით ლარის იპოთეკური სესხების განაკვეთი 11.79%-ია, რაც წლიურად 0.43 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.
Colliers Georgia-ს მიერ საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის შეფასების თანახმად, თბილისში 2025 წლის იანვარში სულ 2,892 ტრანზაქცია აღირიცხა, რაც წლიურად 7.5%-ით არის შემცირებული. თუმცა, რეალიზებული უძრავი ქონების ღირებულება 208 მილიონი დოლარი იყო, რაც წლიურად 2.9%-ით არის გაზრდილი, რაც თავის მხრივ უძრავი ქონების გაძვირებას უკავშირდება.