იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძის განცხადებით, 7 კვირაა გრიპი დომინანტური ვირუსია.
ამის შესახებ მან “მედიაცენტრ მთავარში” ქვეყანაში არსებულ ვირუსებზე საუბრისას განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მთელი იანვრის და თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 50%-ზე მაღალია. ის დასძენს, რომ გრიპის B ტიპის ვირუსი ბოლო კვირებში განსაკუთრებით აქტიურია, თუმცა მას სხვა ტიპის გრიპის ვირუსისგან განსხვავებული სიმპტომური გამოვლინება არ ახასიათებს.
„დეკემბრის ბოლო კვირიდან, სადღაც 7 კვირაა გრიპი დომინანტური ვირუსია. მთელი იანვრის და თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში, ეს მაჩვენებელი 50%-ზე მაღალია. ეს ძირითადად ეხება გრიპის B ტიპის ვირუსს, რომელიც ბოლო კვირების მანძილზე მეტად არის იდენტიფიცირებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ B ტიპის სიჭარბე არ ნიშნავს რაიმე განსხვავებულ კლინიკურ მიმდინარეობას. ან უფრო მძიმეს, ან უფრო მსუბუქს. ეს ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია. განსხვავება უფრო მეტად ვირუსოლოგებისთვის და ეპიდემიოლოგებისთვის არის მნიშვნელოვანი. თუმცა, მისი მიმდინარეობა არის კლასიკური გრიპის ვირუსის შესაბამისი“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში ის ვირუსები ცირკულირებს, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაციაც მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა უკვე გაიკეთა.
„ამ ვირუსების იდენტიფიცირებას მეორე დატვირთვაც აქვს, რომ ჩვენ საშუალება გვაქვს შევადაროთ იმ ვაქცინის შემადგენლობა, რომელიც ქვეყანაში შემოვიდა, 2024 წლის ოქტომბერ-ნოემბერში და ემთხვევა თუ არა ახლა ქვეყანაში მოცირკულირე ვირუსების განაწილებას. ზუსტად ის ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც საქართველოს მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა გაიკეთა.
როგორც A, ასევე B ტიპის ვირუსებს ახასიათებს მაღალი ცხელება, ძლიერი თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, ყელის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, საერთო სისუსტე, უმადობა. აქტიური გრიპის ვირუსების პერიოდში ტესტირების ჩატარების აუცილებლობა ნამდვილად არ არის. დაავადების კლინიკური ნიშნები საკმარისია, რომ დიაგნოზი დაისვას და მიზანმიმართული ანტივირუსული მკურნალობა დაიწყოს“, - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, გრიპით გარდაცვალება დაფიქსირდა, რაზედაც ჩხაიძემ განაცხადა, რომ მან არ იცის ზუსტი კლინიკური სურათი, თუმცა აქცენტი კეთდება რისკ ჯგუფებზე, რომლებისთვისაც გრიპის მიმდინარეობა განსაკუთრებით მძიმეა. თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანი სრულიად ჯანმრთელია, თუმცა გრიპის ვირუსი მწვავედ განვითარებულ მძიმე ფილტვების ანთებას იწვევს.